„ევროპაში მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ავიაბილეთის ფასებიც იზრდება“

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე 7 დღეა დარჩენილი, თუმცა ტურისტული კომპანიების განცხადებით, ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე საკმაოდ გაძვირებულია ავიაბილეთების ფასიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ტურისტულმა კომპანიებმა განაცხადეს, ფასის მატების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ვიზალიბერალიზაციაც იყოს.

კომპანია Good Travel-ის ცნობით, ევროპის ქვეყნებში გადაადგილებაზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა და უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან კიდევ უფრო ზრდას ელიან.

„ჩვენ კომპანიაში ფასები არ შეცვლილა, მაგრამ ავიბილეთები ნამდვილად ძვირდება. „ვიზეარის“ საიტს რომ დააკვირდეთ, ფასები ყოველდღიურად იცვლება. რადგან ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება მარტივდება და კომპანიებიც ზრდიან ავიაბილეთის ფასებს. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, 11 აპრილს გვაქვს ტური პოლონეთში. 1 დღეს ბილეთები 271 ლარად შევიძინეთ, მეორე დღეს კი 297 ლარის გადახდა მომიწია,“-აღნიშნავს კომპანიის ოპერატორი მარიამ ტყებუჩავა.

ავიაბილეთების გაზრდილ ფასებზე საუბრობს „ბიზნესპრესნიუსთან“ ტურისტული კომპანია Go Travel-ის დირექტორი ნინო წიკლაურიც. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ფასების მატება შესაძლოა ერთი მხრივ ზაფხულის მოახლოებით, მეორე მხრივ კი ვიზალიბერალიზაციით იყოს გამოწვეული.

„მომხმარებლებს იმ ფასებში ვემსახურებით, რისი საშუალებაც გვაქვს. ძირითადად, ბილეთების ფასზე ვართ დამოკიდებული. ამ ეტაპისთვის კი ავიაბილეთის ფასები უკვე საკმაოდ გაზრდილია. ეს მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით არ არის განპირობებული, ფასები სეზონურად ყოველთვის იწევს ხოლმე, მაგრამ ახლა ერთ-ერთ ფაქტორს გადაადგილების გამარტივებაც წარმოადგენს“, - ამბობს წიკლაური.

მისივე თქმით, უკვე გაზრდილია მოთხოვნა ევროპის ქვეყნებში მგზავრობაზე და ზაფხულის ტურების დიდი ნაწილიც უკვე დაჯავშნილია.

„ევროპის მიმართულებით გადაადგილებაზე იმ ადამიანებისგანაც წამოვიდა მოთხოვნა, ვისაც ვიზის ფაქტორის გამო ეზარებოდა და დუბაის ან იმ ქვეყნებს ანიჭებდა უპირატესობას, სადაც მარტივი იყო გადაადგილება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, არ ელიან, რომ გაზრდილი ფასები მოთხოვნას შეამცირებს.

„ახლა ვიწყებთ დაკვირვებას. ხალხიც უფრო მოლოდინის რეჟიმშია - როგორ და რამდენად მარტივად შევლენ საზღვარზე. თუმცა, ვფიქრობთ, ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც იქნება“, - აცხადებს წიკლაური.

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში. შედეგად, ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით მიემართება, ამ ვიზიტის განხორციელება უვიზოდ შეეძლება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეძლებენ.