ოპეკ-ის წევრი და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების სურვილის ფონზე, რომ გაგრძელდეს ოპეკ-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
გარდა ამისა, მსოფლიოს ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა. შედეგად, ამ დილით ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 0.41 პროცენტით, ბარელზე 51.83 დოლარამდე გაიზარდა, WTI მარკის ფასმა კი 0.35 პროცენტით მოიმატა და ბარელზე 48.39 დოლარი შეადგინა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და მისმა არაწევრმა თერთმეტმა ნავთობმომპოვებელმა ქვეყანამ, გასულ დეკემბერში მოილაპარაკეს, რომ ნახევარი წლის განმავლობაში, ნავთობის დღიური მოპოვება 1.8 მილიონი ბარელით შეემცირებინათ. ამით დაბალანსდებოდა მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის შემცირება, რასაც ფასის ზომიერი მატება მოჰყვებოდა.
მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა, მაგრამ ბაზარზე ჭარბი მიწოდება შენარჩუნებულია. ამიტომ, ოპეკ-ის შეთანხმებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ფასების მეტნაკლებად სტაბილურად შენარჩუნებას ხელი მაინც შეუწყო. ამიტომ, შეთანხმების (მისი ვადა ივნისის ბოლოს იწურება) მონაწილე ქვეყნები სულ უფრო მეტად ემხრობიან მის გაგრძელებას.
ანალტიკოსები კი თვლიან, რომ ფასის ბალანსის შენარჩუნებას ყველაზე მეტად ხელს მსოფლიო ეკონომიკის და მასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნის ზრდა შეუწყობს. ანალტიკოსთა პროგნოზებით, ნავთობზე მოთხოვნა წლის განმავლობაში ზრდას გააგრძელებს, რის გამოც, შეერთებულ შტატებში ფიქალური ნავთობის მოპოვების ზრდა, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე სულ უფრო ნაკლებად იმოქმედებს. პარალელურად, მიმდინარე ფასებზე გავლენის მოხდენას კვლავ გააგრძელებს აშშ-ში ნავთობის მარაგების სტატისტიკა.