”ნიკორა” თევზის წარმოების გაფართოებას გეგმავს

"ნიკორა" გურიის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში მის მფლობელობაში არსებული საკალმახე მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში „ნიკორა“ თევზსაშენის პროექტს ამზადებს.

”ვამზადებთ პროექტს, რომელიც თევზის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული,”- განუცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა bpn-ს.

გურიაში საკალმახის განვითარება ”ნიკორამ” 2006 წლიდან დაიწყო. თუმცა, როგორც კალმახის, ისე მისგან ნაწარმოები ხიზილალის გასაყიდი რაოდენობა ჯერჯერობით, არც ისე ბევრია. შარშან კომპანიამ 170 ტონა კალმახიდან 150 ტონა გასაყიდი თევზი მიიღო, ხოლო სადედე გუნდი, რომლისგანაც ხიზილალას ამზადებენ - დაახლოებით 20 ტონა.

”ვაპირებთ გავზარდოთ წარმოება. ამისთვის კალმახების სადედე გუნდი უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს აუზების რაოდენობაც. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც გვსურს, რომ წარვუდგინოთ სატენდერო კომისიას და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რამდენიმე წელში დაფასოებული ხიზილალის წარმოებაც გვექნება,” - ამბობს ”ნიკორას” გენერალური დირექტორი. მისი თქმით, ამჟამად ”ნიკორა” სეზონზე (ნოემბრიდან-მარტამდე) სამ ტონამდე ხიზილალას აწარმოებს.

ირაკლი ბოქოლიშვილი მიიჩნევს, რომ სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის პირობები ძალიან კარგია. მეწარმე პროექტისთვის საჭირო თანხის 10 პროცენტს ფარავს, 40 პროცენტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი იაფი კრედიტი, რომელსაც მეწარმე წლიურად 1-3 პროცენტში იღებს.

”ვფიქრობ, რომ ამ პროექტისთვის უფრო გამოცდილი კომპანიები უნდა გამოჩნდნენ, რადგან სოფლის მეურნეობა ცოტა რთულია, მით უმეტეს საქართველოში, როცა აგროდაზღვევა არ არის განვითარებული და ზედმეტად ხარ ბუნებაზე დამოკიდებული. ამიტომ, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წარმოების გამოცდილება და ასევე უნდა შეეძლოთ რისკების ატანა. ასეთმა კომპანიებმა უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და დაიწყონ საკუთარი აქტივობის რეგიონებში გატანა. სწორედ ამას ვაპირებთ ჩვენ,” - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

”ნიკორა” თევზსაშენის გაფართოებას უახლოესი რამდენმე წლის განმავლობაში გეგმავს.