კობა გვენეტაძე - ”კრედო ბანკი” ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებით იქნება დაკავებული

”კრედო ბანკი” ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებით იქნება დაკავებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, "კრედო ბანკზე" ლიცენზიის გაცემის პროცედურა დამთავრებულია.

”ლიცენზია ჩვენ გუშინ გავეცით. მოგეხსენებათ, ”კრედო” 2007 წლიდან იყო ქართულ ბაზარზე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ძირითადად ბანკი დაკავებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებით. ეს იქნება ძირითადად მისი მიმართულება. ვფიქრობთ, რომ ის კარგად ჩაეწერება საბანკო სისტემაში, რადგან მან უკვე საკმაოდ კარგი გამოცდილება დააგროვა ამ მიმართულებით დაფინანსებაში, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ.

იგი ბანკების პოზიციაში მე-10 პოზიციას დაიკავებს, რაც ასევე ნიშნავს, რომ იგი მომზადებული შეხვდა ამ პროცესს”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სხვა განაცხადებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, საბანკო ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით, ასეთი განაცხადი ეროვნულ ბანკს არ მიუღია.