საქართველოს აეროპორტებში საბუთების შემოწმება გამკაცრდება

საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება, მოქალაქეს ჰკითხონ მოგზაურობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის მიზანი.

ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე გამგზავრების მსურველთა კონტროლი გამკაცრდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მესაზღვრეებს უფლება ექნებათ, გამგზავრების მსურველებს საბუთები შეუმოწმონ და რეკომენდაციები მისცენ, ხოლო საბუთების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, გამგზავრების საშუალებას არ მისცემენ.

"ვინაიდან უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოქალაქეს, ვინც ფლობს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს, მესაზღვრე კონტროლიორი ვალდებულია, არ მისცეს გამზავრების უფლება მათ, ვისი პასპორტიც მოცემულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს,"-განმარტავენ უწყებაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 2 თებერვალს მიანიჭა. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ.

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო: ALLNEWS