რამდენიმე დღის წინ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ.
მშობლები დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქცია დროებით, პარასკევამდე დაიშალა, თუმცა მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ნარმანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.
ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარი კორკოტაძე 36 ბავშვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას მოითხოვს. საუბარია ABA თერაპიაზე, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია.
როგორც მარი კორკოტაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ პროგრამის დაფინანსება მერიამ ორი წლის წინ დაიწყო, კერძოდ, 2015 წლის 1 ივლისიდან. თუმცა, საკრებულომ მიიღო უსამართლო დადგენილება, სადაც წერია, რომ მხოლოდ ის ბავშვები მიიღებენ დაფინანსებას, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისამდე თბილისში იყვნენ ჩაწერილი.
„ამის გამო რამდენიმე ბავშვი რეგიონიდან გადმოეწერა, რადგან იქ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თერაპია არც ადრე არსებობდა და არც ახლა არსებობს. მშობლები იძულებული გახდნენ სამსახური მოეძებნათ და საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოსულიყვნენ, თუმცა მათ პროგრამაში ჩართვაზე უარს ეუბნებიან. სწორედ ამ ორი კატეგორიის ბავშვების დაფინანსებაზეა საუბარი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს ბავშვები მერიამ დააფინანსოს“, - აღნიშნავს მარი კოტრიკაძე.
ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ადგილმდებარეობის გამო ამ ბავშვების დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს.
„ამბობენ, მთელი საქართველო თბილისში ხომ ვერ ჩამოვაო, მაგრამ 36 ბავშვი მთელი საქართველოა?! ჩვენ ვაპროტესებთ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. თუ 600 ბავშვი იღებს დახმარებას, ამ 36-მა ბავშვმა რაღა დააშავა? - მხოლოდ ის, რომ რეგიონებში არიან რეგისტრირებული? წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მერიას მათი დაფინანსება უჭირდეს. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ დეკემბრის თვეში მერიის თანამშრომლებს პრემიების და დანამატების სახით 1 500 000 ლარი აქვთ აღებული. თითქმის იმდენივე აიღეს იანვრის თვეში ანუ 2 თვის განმავლობაში 3 მილიონამდე ლარი აქვთ აღებული პრემიებისა და დანამატების სახით.
ამ 600 ბავშვის წლიური ბიუჯეტი 1 800 000 ლარია, ხოლო 36 ბავშვის დაფინანსება მერიას სულ რაღაც 140 ათასი ლარი დაუჯდება. ნება იბოძონ, მოიკლონ თვითონ და ბავშვები დააფინანსონ. დაფინანსებაზე არაერთხელ გვითხრა უარი მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა. გელა ჩივიაშვილი ამბობდა, რომ ამ ბავშვების დაფინანსებას მთლიანად გააუქმებდნენ და ძალინ ცუდ განცხადებებს აკეთებდა. ამიტომ, გელა ჩივიაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოვითხოვეთ და რადგან სოციალური სამსახური უარს გვეუბნებოდა, ასევე მოვითხოვეთ შეხვედრა თბილისის მერთან. მანამდე თბილისის საკრებულოსაც მივმართეთ, პრემიერ-მინისტრის აპარატიც ჩავაყენეთ საქმის კურსში, მაგრამ ჯერ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ამიტომაც გადავწყვიტეთ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის - შიმშილობისთვის მიგვემართა.
კიდევ კარგი, რომ დაგვიკავშირდა პარლამენტარი რატი იონათამიშვილი, რომელიც პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს წარმოადგენს. მან დაგვირეკა და გვთხოვა, რომ პარასკევამდე მოვიცადოთ. პარასკევს გადაწყდება ამ ბავშვების მომავალი, მათი დაფინანსება-არდაფინანსების საკითხი: ილიას უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა და ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც ამ ბავშვების ბედს დადებითად გადაწყვეტს. ჩემი შვილი უკვე 2 წელია სარგებლობს ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებზე არ უნდა ვიზრუნო. მე გამოცდილი მაქვს ყველაფერი, კარგად ვიცი, რომ აუტისტი ბავშვის თერაპიას თვეში სულ ცოტა, 500 ლარი მაინც სჭირდება, ამიტომ, 420 ლარი მათთვის და მათი ოჯახებისთვის დიდი შვებაა“, - აღნიშნავს მარი კორკოტაძე.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაუკავშირდა მერიის ჯანდაცვის და სოცმომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს - გელა ჩივიაშვილს, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
„შეხვედრა პარასკევს, 11 საათზეა დაგეგმილი. მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, რომელიც ამ პროგრამაში თავიდანვე მონაწილეობდა: მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალაქ თბილისის მერია. შეზღუდვა, რომელიც თბილისში რეგისტრაციას ეხება, თავიდანვე იყო შეთანხმებული და საამისოდ მყარი არგუმენტები არსებობდა. შესაბამისად, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ამ ორ წელიწადში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს და თბილისში დარეგისტრირდნენ, რათა აუტიზმის პროგრამაში მოხვედრილიყვნენ, ცალკე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ მათი პრობლემის გადასაჭრელად გაიმართება ეს შეხვედრაც. მერია ამ პროგრამის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, მის დასაფინანსებლად მარტო 2017 წელს 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხის შენარჩუნებაა, რადგან ის პროვაიდერი კლინიკები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობენ, არ არიან მზად, რომ დამატებითი კონტიგენტი მიიღონ. სწორედ ამაზე გაიმართება მსჯელობა პარასკევს“, - აღნიშნავს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.
ჩვენთან საუბრისას გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და მერია იქნება ერთ-ერთი აქტიური მხარე ამ პროცესში.
„ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. თბილისის მერია ამ პროგრამაში დამოუკიდებლად ცვლილებას ვერ შეიტანს, რადგან ეს არასამთავრობო ორგანიზაციების, მშობლებისა და მერიის მიერ ერთობლივად შემუშავებული პროგრამაა, ამიტომ, სამივე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი ერთობლივად გადაწყვიტოს. მათ შორის უნდა იყვნენ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც სერვისს ვერ იღებენ და როგორმე კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენთვის ბავშვების ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, მაგრამ არ შეიძლება თბილისმა აიღოს მთელი საქართველოს ფუნქცია, ადამიანებს სამკურნალოდ და სერვისის მისაღებად თბილისში ჩამოსვლა არ უნდა უწევდეთ. სწორედ ამიტომ, ABA თერაპიის დაფინანსება რეგიონებშიც უნდა მოხერხდეს. უკვე ოთხმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო ამ პროგრამის დაფინანსება - ეს არის ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და ქობულეთი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ABA თერაპია ადგილზე, რეგიონებში იყოს ხელმისაწვდომი, რომ ბავშვების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს“, - აცხადებს გელა ჩივიაშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე