28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამის ფონზე მოთხოვნა ტურისტულ კომპანიებში უკვე საკმაოდ გაზრდილია და მათი ცნობით, ზაფხულის ევროპის ტურებიც კი გაყიდულია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რომელ მიმართულებებს ირჩევენ ქართველი ტურისტები სამოგზაუროდ ევროპაში და რომელი ქვეყნებია ყველაზე მოთხოვნადი.
როგორც gotravel-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იტალია და ესპანეთი - არის ქვეყნები, რომლებიც ქართველებისთვის ყოველთვის მიმზიდველია.
მისივე თქმით, „ვიზეარის“ ნაკლებფასიანი ფრენების დაწყების შემდეგ, ავიაკომპანიის მიერ შეთავაზებულ მიმართულებზეც გაიზარდა მოთხოვნა.
„რაც „ვიზეარის“ ფრენები დაიწყო, საკმაოდ ბევრი ადამიანი მგზავრობს ბუდაპეშტში, შემდეგ იქიდან ავსტრიაში, ჩეხეთში. მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ლარნაკაზეც,“-ამბობს წიკლაური.
good travel-ის ოპერატორის მარიამ ტყებუჩავას ცნობით კი, ქართველებში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებებია - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ნიდერლანდები.