მოლდოვას მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულამდე გახდება ხელმისაწვდომი

მოლდოვას მოქალაქეები შენგენის ზონაში მალე უვიზოდ შეძლებენ შესვლას.

შესაბამისი კანონი ევროპარლამენტმა გუშინ დაამტკიცა და არაფორმალურად უკვე შეთანხმებულია ევროსაბჭოსთანაც.

მოლდოვა პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმიდან, რომელიც უვიზო მიმოსვლისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში გაწერილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მოლდოველები, ვისაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, შეძლებენ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღის განმავლობაში 180-დღიან პერიოდში.

პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროსაბჭომ ოფიციალურად უნდა დაადასტუროს საკანონმდებლო ცვლილება, რაც ყველაზე გვიან, აპრილში შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოლდოვას მოქალაქეებისთვის ზაფხულამდე გახდება ხელმისაწვდომი.