თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ საბაგიროების ფასის ცვლილების ინიციატივით საკრებულოს მიმართეს.
როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, საბაგიროებით სარგებლობის საფასური 1 ლარს შეადგენს, თუმცა, მისი თვითღირებულება 1.95 ლარია.
მათი განმარტებით, არ არის მიზანშეწონილი მერიამ დააფინანსოს უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები.
”დღესდღეობით საბაგიეროებით სარგებლობის საფასური შეადგენს 1 ლარს. თუმცა, მისი თვითღირებულება არის 1.95 ლარი. ჩვენი დაკვირვებით, მგზავრების 80% უცხოელი ტურისტია. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ მერია არ უნდა აფინანსებდეს მგზავრების, მათ შორის უცხოელი ტურისტების კულტურულ გასართობ ღონისძიებებს. საბაგირო არ არის მგზავრობის საშუალება, დღესდღეობით, ეს კულტურულ-გასართობი საშუალებაა, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღესდღეობით, მერიას საბაგიროების შენახვა უჯდება დაახლოებით 1 720 000 ლარი, სწორედ იმიტომ, რომ ეს შეღავათებია დაწესებული. მერიის პოზიციაა, რომ არ არის მიზანშეწონილი დავაფინანსოთ უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები. უმჯობესია თანხა უფრო მართებულად დაიხარჯოს. მერია სხვადასხვა უფასო და შეღავათიან მგზავრობებს ყოველწლიურად აფინანსებს 60 000 000 ლარით”, - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მერიის ინიციატივა, რომლითაც საკრებულოს მიმართეს, საბაგიროთი მგზავრობის ფასის 2 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, „რაც გამოიწვევს იმას, რომ საბაგირო თავის თავს შეინახავს“.
”2 ლარი თუ გახდება საბაგირო, იქნება რენტაბელური, თავის თავს შეინახავს. ამით მერია და სატრანსპორტო კომპანია 1 720 000-ის ეკონომიას გაწევს. კომპანიამ მიმართა მერიას წერილით, რომ მიზანშეწონილად მიაჩნდა ფასების გადახედვა და მერიამ მიმართა ინიციატივით საკრებულოს. საკრებულო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიტანოს საბაგიროთი მგზავრობის ფასში ცვლილებები თუ არა”, - აღნიშნეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
რიყე-ნარიყალასა და კუს ტბის საბაგირო გზებით სარგებლობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია დღეს საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა.
იხილეთ ვიდეო palitranews.ge