ონლაინ კაზინოების რეკლამის შეზღუდვაზე შეიძლება ვიფიქროთ, როგორც პრევენცია, თუმცა რამდენიმე დარგი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომლის რეკლამირება აბსოლუტურად არ ხდება , მაგრამ ძალიან ბევრი მოზარდი მაინც მიზიდულობას გრძნობს ამ მასალის მიმართ ინტერნეტში, ამ დამაზიანებელი საიტების მიმართ, იქნება ეს ძალადობის ამსახველი, პრონოგრაფიის თუ სხვა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360” გრადუსი განაცხადა.
მისივე განმარტებით, იმის თქმა, რომ ეს არის მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცის რეკლამირება ხდება, სწორი არ იქნება. ”მე ვფიქრობ, რომ რეკლამა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. არცერთ ქვეყანას რეკლამის აკრძალვით მაგალითად მოწევის პრობლემა არ მოუგვარებია. არავინ ახდენს დანაშაულის რეკლამას, მაგრამ ყველა ქვეყანაში ხდება დანაშაული.
იმის თქმა, რომ ონლაინ-კაზინოების რეკლამის ამოღება მოაგვარებს ან მნიშვნელოვნად შეამცირებს პრობლემას, სამწუხაროდ, სტატისტიკას ვერ დავეყრდნობით ამ მიმართულებით. მთავარი და ნომერი ერთი ეფექტური გასაღები არის ცნობიერების ამაღლება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების მიერ პრობლემების მოსაგვარებლად. ”დღეს სამჯერ უფრო ძვირია ონლაინ კაზინოს ბიზნესის განხორციელება საქართველოში, ვიდრე იყო. ის, რომ დავერიოთ ამ ხალხს, ვინც ამ ბიზნესშია, როცა გუშინ ჩვენ თვითონ დავრთეთ უფლება, ეს ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არ არის. რეგულაციები იცვლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს ბიზნესი სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი და მეტად რეგულირებადი ხდება. გადასახადები გაიზარდა ონლაინ კაზინოების მიმართულებით, რეგულირება გამკაცრდა. სტანდარტები, რასაც ონლაინ კაზინოებმა უნდა უპასუხონ, იმისთვის, რომ განაგრძონ ოპერირება ამ ბიზნესში, მნიშვნელოვნად გამკაცრდა”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.