საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ აინთება საბაჟო სისტემაში წითელი სიგნალი და რეადმისიისთვის საჭირო ღონისძიებები დაიწყება.
საბაჟო კონტროლის სისტემაში სპეციალური ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების რეადმისიას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა პრემიერის თქმით, შემდგომში ეს ხარჯი თავად ვადის დამრღვევებს დაეკისრებათ.
„ჩვენ სპეციალურ ცვლილებებს ვახორციელებთ საბაჟო კონტროლის სისტემაში. იუსტიციის სამინისტრო შს სამინისტროსთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, როდესაც დღეს ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, რომ როდესაც ადამიანი მიემგზავრება ევროპის მიმართულებით, იმ 3 თვის გასვლის შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და იუსტიციის და შს სამინისტროს ინფორმირება მოხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ამ დროს ჩვენ ცირკულარულად გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიულად დავიწყებთ მოძიებას ამ ადამიანის და მოხდება რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დააფინანსებს ამ ხარჯებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი. ანუ 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში, დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეხება უვიზო მიმოსვლა და თვითონ ამ ქვეყნის შიდა პროცედურებით დაიწყებენ ამ პირების მოძიებას და მათი რეადმისიის პროცედურას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა და მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მაქსიმალურად იმუშავებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, რათა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღოს და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით ნაკლებად შესაძლებელი გახდეს.
„ჩვენ იმ სამ თვეში, რომელიც გვაქვს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, დავასრულებთ ჩვენს შიდა სისტემურ მომზადებას ამ პროცედურებისთვის და მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით გაემგზავრება, იცოდეს ეს წინასწარ“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.