ხადურის პროგნოზი გამართლდა: იანვარში მშპ-ს ზრდამ 7.8%-ს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,8%, ხოლო 2013 წელს კი - 3,2 პროცენტი შეადგინა.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ ერთი კვირის წინ გახმოვანებული პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევდა, გამართლდა.

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ, რომელსაც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას იყენებენ, 3 მილიარდ 567,2 მილიონ ლარს მიაღწია, ანუ წინა წელთან შედარებით, 14,9%-ით მოიმატა (ფინანსთა მინისტრი 16%-იან ზრდას ვარაუდობდა).

3 755 ერთეულით, ანუ 9,9%-ით გაიზარდა ახლადარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 მილიონი ლარით (3,8%-ით) მოიმატა და 529,6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯები კი პირიქით, 26,4 მილიონი ლარით (5,8%-ით) შემცირდა, 454,2 მილიონ ლარამდე.

13,9 მილიონით ლარით (18,1%-ით) გაიზარდა კომერციული ბანკების მთლიანი გამოშვება და 76,5 მილიონი ლარით განისაზღვრა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება გამოწვეულია რამდენიმე დარგის სერიოზული გააქტიურებით.

"ესაა შედეგი სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული აქტივობის, ამასთანავე, 43 %-ით გაიზარდა აქტივობა მშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოიმატა სატრანსპორტო გადაზიდვებმა. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩვენი პროგნოზები კონსერვატულია", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტში მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ით განისაზღვრა.