ომალოში კვირაში ერთხელ ფრენები განხორციელდება, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს დავალებები მისცა.
კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს იდეის განხორციელებისთვის სახსრების მოძიება, შს მინისტრს კი მისი განხორციელება დაავალა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოსახლეობის საჭიროებისთვის ვერტმფრენით სარგებლობის მითითება მისცა.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მესაზღვრის დღე. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მესაზღვრეებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. მესაზღვრეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო საქმეს ემსახურებიან, ისინი საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ძალიან რთულ პირობებში უწევთ სამსახური. მე გახლდით ომალოს სასაზღვრო პუნქტზე. მინდა დავავალო შს სამინისტროს, რომ ვიდრე გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად გახსნამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით, იმისათვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ამ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, შენიშვნას არ გაძლევთ, იქ ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა საჭიროა დამატებითი კავშირი ვერტმფრენით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ფინანსთა მინისტრთან საკითხზე საუბარი უკვე ჰქონდა და შესაბამისი სახსრების მოძიება შესაძლებელია.
„მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო მოიძიონ სახსრები. მინისტრთან ვისაუბრეთ ამ საკითხზე და სახსრების მოძიება შესაძლებელია. მივმართავ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეგიონის მცხოვრებლებს ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები და ამ ვერტმფრენით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომ სხვადასხვა მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
იხილეთ ვიდეო palitranews.ge