გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ანგარიშგებას ითხოვს.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებმა უნდა წარადგინონ ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ.
„2017 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში უნდა წარადგინონ ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზია საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში აქვს მიღებული.
ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან ონლაინ რეჟიმში, ერთი ფანჯრის პრინციპით ბიზნეს პორტალის საშუალებით ელექტრონულად განახორციელონ ანგარიშგება. ანგარიშგების წარმოსადგენად გადადით შემდეგ ბმულზე https://www.my.gov.ge/business/Account/index?type=1
ანგარიშის წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციაში.