სპარტაკ მიმინოშვილი სამი წელია მეცხოველეობით არის დაკავებული. ფერმერს აბაშაში, სოფელ ნაისაკავოში ლატვიური ჰოლშტეინისა და ჰოლანდიური ჯიშის საქონელი ჰყავს. სპარტაკ მიმინოშვილი რძისგან მეგრულ სულგუნს ამზადებს და აბაშაში, ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. როგორც ფერმერმა ”ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას განაცხადა, მის მიერ წარმოებულ მეგრულ სულგუნზე მოთხოვნა დიდია.
”სამი წელია ამ საქმიანობას ვეწევი. ახლა 5 სული საქონელი მყავს. ლატვიური ჰოლშტეინები დასავლეთ საქართველოში დღესდღეობით არავის ჰყავს. კვირაში დაახლოებით 70 კილო მეგრულ სულგუნს ვამზადებ, თუმცა მოთხოვნა გაცილებით მეტია. სულგუნის შესაძენად თბილისიდანაც ჩამოდიან”, - ამბობს სპარტაკ მიმინოშვილი.
მისივე თქმით, გამორჩეულად კარგი ჯიშია ლატვიური ჰოლშტეინი, რომელიც მეწველ-მეხორცულია. როგორც სპარტაკ მიმინოშვილი ამბობს, ფერმაში ვეტექიმიც ჰყავთ და ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებენ. საქონლისათვის საჭირო საკვები პროდუქტის ნაწილი ფერმერს ეზოში მოჰყავს, ნაწილს კი ყიდულობს.
სპარტაკ მიმინოშვილმა საქონლის შეძენისათვის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში 15 000 ლარის დაფინანსება მიიღო. ფერმაში 3 ადამიანია დასაქმებული. როგორც ფერმერი ამბობს, სამომავლოდ ფერმის გაფართოებას გეგმავს.
თათია ახვლედიანი