ხელფასების დაგვიანების თითოეულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება გვექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მას დაავალა, კონტროლი განახორციელოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მუნიციპალურ ტენდერებში მონაწილე კომპანიები დასაქმებულებს ხელფასებს დროულად არ უხდიან. ალავიძის ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ხელფასი 3 თვეზე მეტი პერიოდით გვიანდებოდა, თუმცა ახლა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
„მაგრამ კიდევ არსებობს ასეთი პრობლემები. სამწუხაროდ, ბევრი სამშენებლო კომპანია პრობლემური გვყავს საქართველოში, ფინანსურად უჭირთ და აქედან გამომდინარე, ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ სამშენებლო კომპანიებთან და საბანკო სექტორთანაც ამ მიმართულებით. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებებს, ამ საკითხს არ ვუყურებთ მხოლოდ ისე, რომ ეს არის კონტრაქტორს და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. ეს ფონდები და სახსრები არის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი და შესაბამისად, იმ კომპანიებმა, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ მუშახელი, აუცილებლად დროულად უნდა გადაუხადონ მათ ხელფასები. შესრულება როცა მოაქვთ, ერთი წუთი არ გვაქვს თანხის ჩარიცხვის დაგვიანება. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ თვითკმაყოფილი არა ვართ და როგორც პრემიერმა აღნიშნა, მკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე. შეგვიძლია მრავალნაირი სანქცია გამოვიყენოთ. ჩვენ ხელების ამოგრეხვის პრინციპით არ ვმუშაობთ, პარტნიორობა კი უნდა იყოს ორმხრივი. დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ. ამას გარდა, დასაქმებულების განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია საგადასახადო სამსახურის კუთხითაც გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ ამ მიმართულებით, თუ გვექნება ფაქტები“, - განაცხადა ალავიძემ და დასძინა, რომ სამშენებლო სექტორი ძალიან დიდი სფეროა და კომპანიები იდეალურად ვერ მუშაობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის.