მამუკა ხაზარაძე: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ

"თიბისი ბანკმა" სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

კერძოდ, ბანკი ”გუდვილს” ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებისათვის, ”ელიტ ელექტრონიქსის” ყოფილ დირექტორს, ანზორ ქოქოლაძეს - ცრუ ბრალდებისთვის, ხოლო ”ასავალ-დასავალს” - დეფამაციისთვის უჩივის.

როგორც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ კამპანიას პირადად მისი და ბანკის მიმართ.

ხაზარაძემ ისაუბრა დარღვევებზე ორი კომპანიის, "გუდვილსა" და "ელიტ ელეტრონიქსის" მხრიდან, ასევე, "ასავალ დასავალში" გამოქვეყნებულ მასალაზე.

მისი ინფორმაციით, 2003 წლიდან 2013 წლამდე, ბანკმა ჯამში "გუდვილს" 80 მილიონი ლარი მისცა.

"2013 წელს ირკვევა, რომ "გუდვილს" პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სერიოზულ პრობლემებშია, "თიბისი ბანკი" აკეთებს სამ სერიოზულ ნაბიჯს: უზრდის საბრუნავ სახსრებს, რომ კომპანია არ გაჩერდეს; უჩერებს პროცენტის გადახდას და 80% მთლიანი თანხის გადააქვს ქონებაში დავალიანების შემცირების გამო, იმ პირობით, რომ დამფუძნებელს და კომპანიას მისი დაბრუნება შეუძლია თავის მფლობელობაში", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მას პრეტენზია არ აქვს არა "გუდვილის" თანამშრომლებთან, არამედ მის მენეჯმენტთან და დამფუძნებლებთან.

"ეტყობა ზედმეტი ნდობა გამოიჩინა ბანკმა. ვენდობოდით მათ მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნებს. მოხდა მარტივი რაღაც, 2013 წელს, როდესაც ჩვენ შევამჩნიეთ, რომ სერიოზული კრიზისია, უკვე ვხვდებით, რომ გამოსავალი არ აქვს "გუდვილს". ამ დროს მოდის ჩემთან მისი დამფუძნებელი და აცხადებს, რომ 2 წლის განმავლობაში ისინი "თიბისი ბანკს" გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდნენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, "გაბითურებას და მოტყუებას არავის აპატიებს".

"ჩვენ ვერავის ვერ გავატანთ ყალთბანდური გზით იმ თანხას, რომელსაც ჩვენ გავცემთ", -განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება "ელიტ ელექტრონიქსთან" დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე აქაც სერიოზულ გაყალბებებს და ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.

"2005 წელს "თიბისი ბანკმა" დაიწყო "ელიტ ელექტრონიქსის" დაფინანსება. 2009 წელს ოთხმა წამყვანმა ქართულმა ბანკმა გააგრძელა მისი დაფინანსება. ვერც ერთ განცხადებაში და სტატიაში ვერ ნახავთ სხვა ბანკების ხსენებას, სულ არის "თიბისი ბანკის" ლანძღვა ქოქოლაძის მიერ", - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, 2009 წელს დაიწყეს კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმი, ხოლო 2010 წელს იქნა ქოქოლაძე დირექტორობიდან გადაყენებული. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ გადაყენებს წინ უძღოდა მისი შეხვედრა ქოქოლაძესთან, სადაც უთხრა, რომ აქციები, რომელიც დროებით გადასული იყო "თიბისი ბანკის" მფლობელობაში, ნებისმიერ დროს დაუბრუნდებოდა უკან, თუ გადაიხდიდა თანხას.

"ეს იყო ერთი პირობით, მე მას შევთავაზე გადამდგარიყო დირექტორობიდან, რამეთუ ჩვენ ეჭვი გვეპარებოდა, რომ კომპანიაში მისი ხელმოწერებით ხდებოდა არასწორი მართვა" , - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, ამ შემთხვევაში, ის მოითხოვს არა მხოლოდ ცილისწამების შეწყვეტას, არამედ - პასუხისგებას ფინანსური დარღვევების გამო.

რაც შეეხება "ასავალ დასავალს", როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ზემოაღნიშნული ორი შემთხვევის მსგავსად, გაზეთში დაწერილ ცილიმსწამებლურ სტატიებზეც პროკურატურაში სარჩელია შეტანილი.

მისი თქმით, თუ მათ წინააღმდეგ იქნება ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კომპანია, აქვთ ყველანაირი რესურსი და ჰყავთ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

"ჩემთვის და ჩემი ბანკისთვის მიუღებელია ფორმა, როდესაც არა შინაარსობრივი და არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა მიდის, არამედ მიდის შეურაცხყოფა, ცილისწამება, უაპელაციო ბრალდება. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ. მე ამას ვერ მივიღებ. ეს სცილდება ჩემს ბიზნესს. ეს ეხება ჩემს ღირსებას. მინდა გითხართ, რომ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ღირსება ყველაზე მაღალ დონეზე მყავს დაყენებული. მინდა ყველას მივმართო, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, ამ ტონით ნუ დაგველაპარაკება. ჩვენ ვართ ერთ- ერთი წარმატებული ხმა ქართულ ბიზნესში და არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენმა პარნტორებმა თუნდაც ირიბად მაინც დასვას კითხვა – რა არის ეს არის? რატომ გაყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.