მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ისტორიული შენობებიდან და მათი პრივატიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიაციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.
ალავიძის თქმით, ამ პროექტის ძირითადი მიზანი ხარჯების ოპტიმიზაციაა.
„ასევე, ჩვენ უნდა მივიღოთ ენერგოეფექტური შენობები. ჩვენ მრავალი ქარტიის მონაწილე ვართ, სადაც ხელი გვაქვს მოწერილი ამ მიმართულებით. ამას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სამინისტროების უმეტესი ნაწილი ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომლებიც ძალიან საინტერესოა სასტუმროს და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ ამ შენობებიდან და პრივატიზაცია მოვახდინოთ ამ საინტერესიო ადგილების. შესაბამისად, გადავიდეთ უფრო კომპატქურად ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს, იქნება ენერგოეფექტური შენობები. ასევე, თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება თავმოყრილი, ეს უბრალო მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.