ხელისუფლებას ხუთი წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდია ჩვენი საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისულფება ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის პროექტის განხორციელებით ცდილობს მეტი კომფორტი შეიქმნას.
,,საუბარია იმაზე, რომ ისედაც ღარიბ ქვეყანაში, სადაც დევნილებისთვის შემწეობის შემცირებას აპირებენ, სადაც დევნილთა ძალიან დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლის გარეშეა, ხელისუფლებას უნდა ახალი კაბინეტები. მათ უნდათ ახალი შენობების აშენება, რომ უფრო კომფორტულად იყვნენ მინისტრები და მინისტრების მოადგილეეები. ეს არის მათი დამოკიდებულება. ხელისუფლებას ხუთი წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდია ჩვენი საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად. პრემია იქნება თუ დანამატები, მანქანა იქნება თუ კაბინეტების მოწყობა, ეს არის მათი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.