ავტომობილის გარეცხვაზე ზღვასა თუ ტბაში, დღეიდან 50-ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით დღეიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიხედვით, ავტომანქანის გარეცხვა ზღვაში, ტბაში, ან მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კოდექსის 120-ე მუხლს დაემატება I ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ პირი ავტომობილზე ციმციმა სიგნალს შს მინისტრის სპეციალური ნებართვის გარეშე დააყენებს, პასუხისმგებლობა დაეკისრება, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 6 თვით მართვის უფლება შეუჩერდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა, კერძოდ, თუ ავარიის შემთხვევაში, მძღოლი შემთხვევის ადგილს მიატოვებს, ან თავისივე ავტომანქანით გადაადგილდება, 250 ლარით დაჯარიმდება, ხოლო II ნაწილის მიხედვით, მძღოლის მიერ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარით.

123-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილიც, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც 50-ლარიანი ჯარიმით განისაზღვრა.

ამასთან, კოდექსში 125-ე მუხლს დაემატა 63-ე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის (მაგ: ინვალიდის, ყრუ, ბავშვების...) დამაგრების წესების დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ცვლილებების მიხედვით, თუ პირის ავტომობილით ბავშვის გადაყვანისას უსაფრთხოების წესებს დაარღვევს, მას ჯარიმის სახით 40 ლარის გადახდა მოუწევს.