სადაზღვევო ინდუსტრიამ ნათლად გაწერილ სტრატეგიულ ცვლილებებში აქტიური მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა , - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.
“ეს არის ძალიან ნათლად და გამჭვირვალედ გაწერილი წესები, რომლის მიხედვით ჯანდაცვის სისტემა იმუშავებს. რაც შეეხება დასაზუსტებელ დეტალებს, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია და ვფიქრობ, სამუშაო რეჟიმში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. სტრატეგიული ცვლილებები განხილვას არ ექვემდებარება. ეს არის რამდენიმე წლის განმავლობაში შემუშავებული რეფორმების კიდევ ერთი ტალღა. სადაზღვევო ინდუსტრიამ გამოხატა მზადყოფნა, რომ ამ ნათლად გაწერილ სტრატეგიულ ცვლილებებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, აქტიური ჩართულობა გამოამჟღავნონ, რაც ძალიან მისასალმებელია. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.