ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაანონსებულ ცვლილებებს, რადგან ბევრად უფრო იზრდება სახელმწიფო დაფინანსების მიზნობრიობა , - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დავით სერგეენკომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო.
პაატა ლომაძის თქმით, ჩნდება არეალი, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და მოქალაქეებს ექნებათ უფრო მეტი ინტერესი, შეიძინონ სადაზღვევო პაკეტები, რომლებიც ბევრად უფრო მიზნობრივი იქნება, ვიდრე დღეის მდგომარეობით არის.
“ჩემი აზრით, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფრო მეტი ძალისხმევა იქნება მიმართული სოციალურად დაუცველი ადამიანებისკენ და ადამიანებს, რომელთაც მაღალი ან საშუალო შემოსავალი გააჩნიათ, საშუალება აქვთ, რომ კერძო სადაზღვევო პროდუქტები შეიძინონ. ამ პროდუქტების განვითარებაზე ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ”, - განაცხადა პაატა ლომაძემ.
რაც შეეხება კერძო დაზღვევის პაკეტების საფასურის გაძვირების შესაძლებლობას, “ჯი-პი-აი ჰოლდინგის” გრენერალური დირექტორის განმარტებით, კორპორატიულ პროდუქტებში ფასების სტანდარტი სავარაუდოდ იგივე იქნება, ინდივიდუალურ პაკეტებთან მიმართებაში კი, სავარაუდოდ რადიკალური ცვლილებები არ მოხდება.
მისი განმარტებით, შესაძლებელია სხვა “მოდიფიცირებული, უფრო საინტერესო პაკეტები შეიქმნას”.