საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, პროექტ East Invest-ის ფარგლებში, საბერძნეთის დედაქალაქში სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში მომუშავე ქართული კომპანიების წარმომადგენელთათვის Roadshow გაიმართა.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, ტურის მიზანი ქართული კომპანიებისთვის ახალი ბაზრების აღმოჩენის შესაძლებლობის მიცემა იყო.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, „როუდშოუზე“ საქართველოდან 10-მდე ქართული კომპანია გაემგზავრა.
უწყების ცნობით, ტურის პირველ დღეს პრეზენტაციები შედგა, სადაც საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ბერძნულ მხარეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
”ტურის მონაწილე ქართულმა კომპანიებმა გამოფენა Food expo 2017 დაათვალიერეს, სადაც საშუალება ჰქონდათ 1200 ბერძნულ და საერთაშორისო ეგზიბიტორთან, ასევე მსოფლიოს 2500 წამყვან შემსყიდველთან დაემყარებინათ კომუნიკაცია.
ასევე, მონაწილეებმა ადგილზე მოინახულეს ბერძნული კომპანიები. ისინი ევიას რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ქართული კომპანიების შესახებ დამზადდა კატალოგი, რომელიც გავრცელდა გამოფენაზე და მასპინძელი ქვეყნისა და პროექტ East Invest 2-ის წევრ კომპანიებს შორის (მათი რაოდენობა 20 მილიონამდეა)”, - აცხადებენ სავაჭრო პალატაში.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში ევროპალატის მთავარი პარტნიორია. ევროპალატა ახორციელებს პროექტს East-Invest, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა.
East Inves-ის ერთ-ერთი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) შესაძლებლობების გაზრდაა, რათა მათ უკეთესი სპეციალიზირებული სერვისები მიაწოდონ წევრ მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს.