ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან იმ სეგმენტზე ისაუბრა, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომის პრივილეგია ექნებათ.
”ეს ჯგუფი უკვე განსაზღვრულია. ეს არის პენსიონერების ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია, ასევე, მარტოხელა პენსიონერი, სხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიები და პლუს, ეს პრივილეგია გავრცელდება 70 000-100 000 ქულის მქონე მოქალაქეებზე”, - განმარტა დავით სერგეენკომ.
ამასთან, ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის მეორე ტიპის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაფინანსდება.