საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საგადასახადო კოდექსით დადგენილ შეღავათებზე საკონსტიტუციო სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოდან იუწყებიან.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” არიან, მოწინააღმდეგე კი საქართველოს პარლამენტია.
მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილ შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებით.
”მოსარჩელეთა მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით ან მის სასარგებლოდ აწესებს, რის გამოც სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, უთანასწორო მოპყრობას ადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი №671 არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს გათავისუფლებას ქონების გადასახადის, მოგების გადასახადისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოსაყენებელი საგნების მიწოდებასთან დაკავშირებულ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმას და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.