სასტუმროებში ჯავშნების გაუქმება უცხოეთიდან არ მომხდარა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბათუმის რამდენიმე სასტუმროში 11-12 მარტის მოვლენების შედეგებზე საუბრისას განუცხადეს.
საუბარია, 11 მარტს ბათუმში გამართული აქციის შედეგებზე, სადაც ადგილობრივები პატრულისაგან უსამართლო ჯარიმებს აპროტესტებდნენ. ღამის საათებში, აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა მანქანები გადაწვა, პილიციის შენობის მიმართულებით ქვების სროლა, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნების, საგზაო ნიშნების განადგურება დაიწყო.
ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით კი, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა. მისივე ცნობით, „ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე, რადგან აქციის მეორე დღესვე რეგიონის სასტუმროებში უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა ასობით ჯავშანი გაუქმეს“.
თუმცა, სასტუმროების ნაწილში ამ ინფორმაციას უარყოფენ. 11-12 მარტის პერიოდში ჯავშნების გაუქმება მხოლოდ „რედისონ ბლუში“ დაადასტურეს. მათი თქმით, ჯავშნები ძირითადად ადგილობრივებმა გააუქმეს.
„მომხდარმა არასასურველი გავლენა იქონია და ჯავშნების ნაწილიც გაუქმდა, მაგრამ ასეთი ფაქტი ბევრი არ ყოფილა. ისიც აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს ნეგატიურ მოვლენებს უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ხელი არ შეუშლია. ჯავშნები ძირითადად ადგილობრივებმა გააუქმეს და არა საერთაშორისო კომპანიებმა ან ზოგადად უცხოელმა ტურისტებმა,“-აღნიშნავენ სასტუმროში.
„შერატონ ბათუმსა“ და „ინტურისტ პალასში“ კი ამბობენ, რომ მათთან ჯავშნების გაუქმება არ მომხდარა და 11-12 მარტს ქალაქში განვითარებულ მოვლენებს ჯავშნებზე გავლენა არ მოუხდენია.
„აქცია 1 ღამეში ჩაწყნარდა და სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია. წინასწარ გაკეთებული არც ერთი ჯავშანი გაუქმებულა. ზოგადად ამ პერიოდისთვის რა აქტივობაც არის ხოლმე, ისეთივე მოთხოვნაა ახლაც,“- აღნიშნეს „შერატონში“.
„ინტურისტში“ კი ამბობენ, რომ 11-12 მარტს და შემდეგ პერიოდში ჯავშნების გაუქმების შემთხვევა არ ჰქონიათ.
„სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება. შეგვიძლია ვთქვათ, იგივე ინტენსივობაა, რაც ზოგადად ამ სეზონზე არის ხოლმე“, - აცხადებენ „ინტურისტში“.
ჯავშნების გაუქმებას არ ადასტურებენ არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დეპარტამენტში უთხრეს, რამდენჯერმე ჰქონდათ კომუნიკაცია როგორც სასტუმროებთან, ისე ტურისტულ კომპანიებთან და ჯავშნების გაუქმების შესახებ ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.
„მაგრამ იმისათვის, რომ ტურისტულ სეზონს ზიანი არ მიადგეს, მედიამონიტორინგი დავიწყეთ, იმის გასარკვევად თუ რომელ ქვეყნებში და მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია 11-12 მარტის მოვლენებზე. უახლოეს პერიოდში პრესტურების გაკეთებას ვგეგმავთ, რათა იმ ბლოგერებმა თუ ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახონ და გაავრცელონ შესაბამისი ინფორმაცია, რომ ბათუმში ყველაფერი რიგზეა,“-აღნიშნეს ტურიზმის დეპარტამენტში.