მთავრობის კანცელარია 8 ახალი ავტომობილის შესაძენად ტენდერებს აცხადებს

მთავრობის კანცელარია რვა ახალი ავტომანქანის შეძენას გეგმავს.

შესაბამისი სატენდერო განცხადებები სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ავტომანქანების შესაძენად ოთხი ტენდერია გამოცხადებული.

ერთ-ერთი ტენდერის თანახმად, ხუთი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად კანცელარია 175 274 ლარის დახარჯვას აპირებს.

მთავრობის კანცელარია ასევე გეგმავს ერთი მსუბუქი ავტომანქანის შეძენას, რომლის საორიენტაციო ღირებულება 25 583 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. 

მესამე ტენდერი გამოცხადებულია ორი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად, რომელთა საორიენტაციო ღირებულება ორივესთვის 54 431 ლარი იქნება.

ყველზე დიდი თანხის - 41 153 ლარის გადახდას კი, კანცელარია მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომანქანაში გეგმავს.

სატენდერო განცხადებებში აღნიშნულია, რომ შესყიდვის ობიექტის ღირებულება, ავტომობილის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმური ფასიანი მომსახურების ღირებულებას 100000 კმ. გარბენზე.

ავტოტრანსპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში.

მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და ავტომანქანების შესყიდვა/ჩანაცვლების წესი დაამტკიცა.

სახელმწიფო ავტოპარკი დაიყო ოთხ კატეგორიად:

I კატეგორიაში, მსუბუქი (სედანის ტიპის) ავტომობილის მაქსიმალურ ფასად განისაზღვრა $31 500, ხოლო მაღალი განმავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება $47 000. ამ კატეგორიის ავტომობილები მოემსახურებიან მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრების მოადგილეებს და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირებს.

II კატეგორიაში მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21 000, ხოლო მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება - $26 500. ამ კატეგორიის ავტომობილები მოემსახურებიან დეპარტამენტის უფროსს, მასთან გათანაბრებულ თანამდებობის პირებს და სხვა ამ რანგის საჯარო მოსამსახურეებს.

III კატეგორიაში მსუბუქი ავტომობილის ფლობის მაქსიმალური ღირებულება -$16 800, ხოლო მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის -$24 300 იქნება. ეს ავტომობილები მოემსახურება საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის უფროსს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს.

IV, ყველაზე დაბალი კატეგორიის ავტომობილები გამოიყენება საკურიერო-საფელდეგერო მომსახურებისთვის და ქალაქის შიგნით თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვის. ამ კატეგორიის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურ ფასად განისაზღვრა – $15 400.

ყველა კატეგორიის ყველა ტიპის ავტომობილის შემთხვევაში, ფასში შედის ავტომობილის საწყის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტომანქანების შესყიდვა/ჩანაცვლების წესის დამტკიცებასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი კატეგორიის მანქანების შესყიდვაზე წელს მორატორიუმი გამოცხადდა და მთავრობამ უარი თქვა ახალი მანქანების შესყიდვაზე.