ბაზარზე ახალი ქართული ჩაი გამოჩნდა

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შპს Natura Tea Company-ის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება.

როგორც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული კომპანია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. სწორედ ამიტომ, შპს Natura Tea Company ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი, ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს.

„ვინაიდან კომპანიის მიერ დამზადებულ ჩაის სწორედ ტექნოლოგია გამოარჩევს და პროდუქტის სხვადასხვა შეფერილობა მინარევების დამატებით არაა მიღებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის თითოეული ხაზი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მისი ორგანული თვისებებით ემთხვევა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ნატურალური, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით მარაგდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, შპს Natura Tea Company ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა, რომელსაც ამჟამად 50 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული.