სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის ”კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები - გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, მათ მიერ შესწავლილი რეგიონების (ახალციხე, რაჭა, აბაშა, სენაკი) შესაძლებლობების და არსებული მდგომარეობის ანგარიში წარადგინეს.
ფრანგმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპილოტე ფერმები აბაშასა და სენაკში მოეწყობა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლები აპრილში მორიგი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს, ხოლო პროექტის დასასრულს, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს ბაზრის კვლევისა და ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტს წარმოადგენენ.