დღეიდან ”კავკასუს ონლაინის” მომხმარებლები ახალ, უფრო სწრაფ და ძვირ ინტერნეტ პაკეტებზე გადადიან

დღეიდან „კავკასუს ონლაინი“ მომხმარებელს ინტერნეტს გაზრდილი სიჩქარითა და ტარიფებით შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში განმარტეს, "კავკასუს ონლაინი" ახალ პაკეტებს შესთავაზებს თავის მომხმარებლებს, რომელთა ფარგლებში ინტერნეტის გაზრდილი სიჩქარის სანაცვლოდ, მომსახურების საფასურიც გაიზრდება.

მაგალითად, მომსახურების მინიმალური, 5მბ-იანი პაკეტის ფასი 20 ლარის ნაცვლად, 25 ლარი გახდება, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი გაორმაგებულ, 10 მბ-იან პაკეტს მიიღებს.

რაც შეეხება კომპანიის მიერ შეთავაზებულ სხვა ინტერნეტ პაკეტებს, 30 მბ ინტერნეტი - 35 ლარი ეღირება, 50 მბ - 45 ლარი, ხოლო 100 მბ - 100 ლარი.

ამასთან, თბილისელ მომხმარებლებს სასურველი ინტერნეტ პაკეტი, რომლითაც 1-ლი მარტიდან უნდა ისარგებლონ, თავად უნდა აერჩიათ. მათ, ვინც ეს 1-ელ მარტამდე ვერ მოახერხეს, ავტომატურად გაუაქტიურდებათ უკვე არსებული პაკეტის შესაბამისი, გაზრდილ სიჩქარიანი ინტერნეტ პაკეტი.

რაც შეეხება რეგიონებს, „კავკასუს ონლაინმა“ რეგიონში მცხოვრებ მომხმარებლებს სპეციალური პაკეტი შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც რუსთავსა და ფოთში მცხოვრები მომხმარებლები 5 მბ-იან ინტერნეტს თვეში 20 ლარად მიიღებენ.

როგორც "კავკასუს ონლაინში" განაცხადეს, კომპანიამ ახალი ინტერნეტ პაკეტების შეთავაზება ახალი მომხმარებლებისთვის 3 თებერვლიდან დაიწყო. მათი თქმით, ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განთავსდა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"კავკასუს ონლაინის არსებული მომხმარებლები ახალი პაკეტებიდან მათთვის სასურველს აირჩევენ და მარტის განმავლობაში ეტაპობრივად დაიწყებენ ახალი პაკეტებით სარგებლობას," - განაცხადეს "კავკასუს ონლაინში".