სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ, ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიმართვის საფუძველზე, გაერთიანების 20 ფილიალიდან საქონლის ხორცი ამოიღო. როგორც ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ აცხადებენ, საქონლის ხორცის დამუშავების დროს, ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, მზარეულმა გარეგნული დათვალიერების დროს, პროდუქტის საკვებად ვარგისიანობაში ეჭვი შეიტანა, რის შემდეგაც ყველა ბაგა-ბაღიდან ამოღებული იქნა ხორცი და მას ლაბორატორიული კვლევა უტარდება.
,,ორი დღის წინ, ბაღებში ჩვეულებისამებრ, ჩვენი შეკვეთის საფუძველზე შემოვიდა საქონლის ხორცი, რომელიც გუშინ უნდა გამოყენებულიყო საკვებად. ოთხშაბათს შემოსული საქონლის ხორცი ყველანაირად აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნას, რომელიც ბაღების გაერთიანებას ზოგადად აქვს მომწოდებლის მიმართ. ხუთშაბათს, როდესაც სამზარეულოში ხდებოდა ხორცის დამუშავება, ვიზუალურად დათვალიერდა და არ მოგვეწონა. ამიტომ ჩვენ მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ მომხდარიყო ხორცის ლაბორატორიული კვლევა. ხორცი ყველა ბაგა-ბაღში დაილუქა, ბავშვებთან ეს ხორცი არ გასულა და საკვებად არ გამოყენებულა. ამ ეტაპზე ველოდებით ხორცის ხარისხთან დაკავშირებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგს“, - განაცხადა ა(ა)იპ ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ ხორცი საკვებად ვარგისიანი იყოს, თუმცა პრევენციის მიზნით, გადაწყვიტა ლაბორატორიული კვლევა მაინც ჩატარებულიყო.
,,არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხორცი ვარგისიანია, თუმცა პრევენციის მიზნით, ჩვენ ეს ღონისძიება მაინც გავატარეთ. „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მხრიდან ბაღებში საკვები პროდუქტის ხარისხზე მონიტორინგი მკაცრია. იმასაც ვიტყვი, რომ ხორცის მომწოდებლებთან არასდროს პრობლემა არ შეგვქმნია, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის ბერკეტი, რომ როდესაც რაიმე არ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც კვების კუთხითაა, აუცილებლად ვამოწმებთ ხარისხს. ჩვენი პატარა აღსაზრდელების მშობლებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ მათი შვილები უვნებელ გარემოში არიან“, - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.