საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. პირველ ეტაპზე შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, თელავში გამართული შეხვედრის მთავარ მიზანს სტატისტიკური მონაცემების მომხმარებლისთვის არსებული და მათთვის საჭირო ინფორმაცის მიწოდება წარმოადგენდა. რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მმართველობას და ბიზნეს წრეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
უწყების აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქსტატი გეგმავს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან კონსულტაციების გამართვას, რაც გულისხმობს მოთხოვნილებებისა და საჭიროებების შესწავლას, აქტიურ დიალოგს როგორც ინფორმაციის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან, ისე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
24 მარტს, თელავში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.