ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, რომელიც უგულავამ საარჩევნოდ ფულის აკრეფაში დაადანაშაულა, უცხოეთში იმყოფება

გამოეხმაურება თუ არა ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი გიგი უგულავას ბრალდებას, რომ ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან ერთად ”ქართული ოცნებისთვის” საარჩევნოდ ფულს კრეფს, ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც bpn.ge-ს ”თანაინვესტირების ფონდში” განუცხადეს, მამაცაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება და სამშობლოში მხოლოდ მომავალ კვირას დაბრუნდება.

”მე უშუალოდ არ მისაუბრია უჩა მამაცაშვილთან, შესაბამისად, არ ვიცი, გააკეთებს თუ არა განმარტებას უგულავას განცხადებაზე”, - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თინა ოდილავაძემ.

წუხელ ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა განაცხადა, რომ კალაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის ”მორალის კითხვას” თავი უნდა დაანებოს და სჯობს, აუხსნას საზოგადოებას, ვინ არის უჩა მამაცაშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

”მისი სახელი და გვარი არც კი იგუგლება, ივანიშვილის ალალი დეიდაშვილია. ის ივანიშვილის სახელით "ალაგებს" ბიზნესთან ურთიერთობას, ხსნის ქაფს და კალაძესთან ერთად საარჩევნოდ ფულს აგროვებს. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მეტსაც გეტყვით, გასცეს კალაძემ პასუხი, რა სტატუსით დაჰყვება უჩა მამაცაშვილი, რომელიც "გრატო პასაჟში" ზის, ეს არის შენობა კინო "ამირანის" წინ, რა სტატუსით დაჰყვება მას აზერბაიჯანში, ან რა სტატუსით დაჰყვება ოფიციალურ ვიზიტებში მას ყაზახეთში? ივანიშვილის დეიდაშვილობა როდის აქეთ გახდა თანამდებობა?... უჩა მამაცაშვილის დის ქმარი დაინიშნა სოფლის მინისტრის მოადგილედ, არ არის ეს ახლა ნეპოტიზმი?", - განაცხადა უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ უჩა მამაცაშვილი კომპანია GCF Partners-ში 42%-იან წილს ფლობს ბიზნესმენ ლევან ვასაძესა (16%) და გიორგი ბაჩიაშვილთან (42%) ერთად. ეს კომპანია მართავს 6-მილიარდიან თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის ხელმძღვანელი კი ერთ-ერთი მეწილე გიორგი ბაჩიაშვილია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის მართვა და საქმიანობა საეჭვოდ მოეჩვენა, გასული წლის ბოლოს მოკვლევა ჩაატარა, თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

”კითხვაზე - დაეზუსტებინა ვასაძისა და მამაცაშვილის როლი, ბაჩიაშვილმა გვიპასუხა, რომ ისინი „მართვის კომპანიის აქციონერები არიან ... [მათ] არ აქვთ რაიმე აქტიური შეხება ან წვდომა იმ ფულად სახსრებზე, რომლებსაც „GCF Partners“ მართავს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.