ბრექსიტი - ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი, სტარტს მალე აიღებს და დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები კი ორი წელი ლოდინს არ აპირებენ თავიანთი ბრიტანული ოფისების ევროკავშირის ტერიტორიაზე გადატანას აპირებენ. მოსალოდნელია, რომ მათი ოფისები ძირითადად ფრანკფურტსა და დუბლინში გადაინაცვლებს.
„ამერიკის ბანკი“, Standard Chartered და Barclays დუბლინის ვარიანტს განიხილავენ, როგორც ევროკავშირში თავიანთ მომავალ საბაზო ქალაქს. „გოლდმენ საქსს“ და „სიტი გრუპს“ კი არჩევანი ფრანკფურტზე აქვთ შეჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას, ამ ბანკების მაღალი რანგის თანამშრომლები ავრცელებენ, რომლებიც ინკოგნიტოდ დარჩენას არჩევენ, რადგან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით კონფიდენციალურია.
საინვესტიციო ბანკები ეგრეთ წოდებულ „მძიმე ბრექსიტს“ ელიან, რაც მათ ლონდონიდან ევროზონაში ოპერირებას შეუზღუდავს. ამიტომ ბანკებს სურთ, რომ ძირითადი ოფისები ლონდონიდან გაიტანონ და ევროკავშირში ოპერირება ახალი, გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთ ჩამოყალიბებული ოფისებიდან გააგრძელონ. და ეს 2019 წლამდე უნდა მოხდეს, როცა ბრექსიტის პროცესი დასრულდება.
ფრანკფურტი ალბათ საუკეთესო არჩევანია, რადგან ეს ქალაქი, განვითარებული ფინანსური ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. მასში აქვთ მთავარი ოფისები „დოიჩე ბანკს“ და ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB), ასევე გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს. რაც შეეხება დუბლინს, ირლანდიაში ბრიტანეთის მსგავსი კანონები და რეგულაციები მოქმედებს, რაც ბანკებისთვის მოსახერხებელია. ამასთან, ეს ევროკავშირში ჯერჯერობით მეორე ინგლისურენოვანი ჰაბია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალურ პროცესს 29 მარტს დაიწყებს. მოლაპარაკება მხარეებს შორის იქნება კომპლექსური და ხანგრძლივი და ის ორ წელს გასტანს. მოლაპარაკებათა ერთ-ერთი მთავარი თემა, სავაჭრო საკითხი იქნება. ევროკავშირის რიგ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ბლოკიდან გასვლა ბრიტანეთისთვის მტკივნეული უნდა იყოს. ისინი „მძიმე ბრექსიტს“ ემხრობიან.
წინასწარი გათვლებით, ბრექსიტის გამო, ლონდონის საბანკო სექტორი დაახლოებით 10 000 სამუშაო ადგილს დაკარგავს. დამატებით 20 000 სამუშაო ადგილი დაიკარგება სხვა ტიპის ფინანსური და საბროკერო მომსახურების სფეროში. ორივე სფეროს კლიენტები, ჯამში 1.8 ტრილიონი ევროს აქტივებს ბრიტანეთის გარეთ გაიტანენ.
მომზადებულია Bloomberg-ის ინფორმაციის გამოყენებით