რამდენად აკმაყოფილებენ ავტომობილები ტექდათვალიერების პირობებს საქართველოში

2015 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ავტოსატრანსპრორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება.

ტექდათვალიერება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირებაა, რომელიც დაადგენს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი ავტომობილი გზაზე მოძრაობის პირობებს.

საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს პრეზიდენტის ინიციატივით გაუქმდ, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნული წესის ამოქმედება 2013 წლამდე გადაიდო. გაუქმების მთავარ მიზეზად ამ სფეროში არსებული კორუფცია დასახელდა. მთავრობის ცვლილების შემდეგ კი, კანონის ამოქმედება 2015 წლის პირველი მარტამდე გადავადდა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ასოცირების ხელშეკრულების დადებიდან ოთხი წლის შემდეგ ანუ 2019 წლისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა გახდეს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ოთარ დანელია განმარტავს, რომ 2015 წელი ერთგვარი სასტარტო პერიოდია, რომელიც საშუალებას იძლევა ტექდათვალიერების შემოღება და დანერგვა ეტაპობრივად მოხდეს.

“პირობითად, 2019 წელს რომ დაველოდოთ და ვთქვათ, რომ ხვალიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება, საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ მძიმე იქნება. ამიტომ ჩვენ გვინდა 4- 5 წლიანი სამოქმედო გეგმით მივუახლოვდეთ ევრო სტანდარტებს. ტექდათვალიერებეის შემოღების ძირითადი მიზეზი მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება არ არის, აქ საუბარია ზოგადად ჩვენთან არსებულ პრობლემებზე - საგზაო უსაფრთოების ნორმებსა და ეკოლოგიასა თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი სავსებით შეთავსებულია ევროდიქრექტივასთან და არა ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროდირექტივისთვის კეთდება, “- ამბობს დანელია.

ტექდათვალიერების შემოღებას დადებითად აფასებენ დარგის სპეციალისტები. როგორც საავტომობილო ფედრაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ BPN-თან საუბარისას განაცხადა, ტექდათვალიერება შეამცირებს იმ საშიშროებას, რომელსაც ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი უქმნის ეკოლოგიასა და ადამიანების ჯანმრთელობას.

„დამატებითი ხარჯის გაწევა, რაც ამ მომსახურების მიღებას ეხება, არავის უნდა, მაგრამ საკითხი უნდა დაისვას ასე, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს ავტომობილების პარკის გამრავლება ისეთი ავტომობილებით, რომელთა ასაკი ხშირ შემთხვევაში 10 წელს აღემატება და ამ მანქანებმა რესურსი უკვე ამოწურეს ან ზღვარზე არიან. მიმაჩნია, რომ გარკვეული დოზით პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თუ როგორ და რანაირად ამაზე უნდა იყოს ღია, გამჭირვალე და აქტიური დებატები საზოგადოებაში. რასაც ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ,“ - ამბობს შალვა ოგბაიძე.

თბილისში ”ტოიოტას” ცენტრის დირექტორი ირაკლი გურჩიანი მიიჩნევს, რომ ტექდთვალიერების შემოღება უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო.

„გაუმართავი მანქანები პირველ რიგში ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს სასიცოცხლო პირობებზე, ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე. ძველი საბურავები, გამონაბოლქვი, საშინელი ბენზინი, დიზელი. საქართველოში ახლა დაახლოებით 900 ათასი მანქანაა, ამ მანქანებიდან ნახევარზე მეტის ქუჩაში გაშვება საერთოდ არ შეიძლება. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფის მომტანი, საბოლოო ჯამში, ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ასევე, ჩემი აზრით, უნდა აიკრძალოს ნახმარი საბურავები, რადგან ხშირად ის უფრო მავნებელია, ვიდრე გამონაბოლქვი,” - განაცხადა გურჩიანმა.

ტექდათვალიერების შემოღებასთან ერთად საზოგადოებაში ჩნდება კითხვები: კვლავ ხომ არ იქმნება კორუფციის საფრთხე, რის გამოც თავის დროზე ტექდათვალიერება დღის წესრიგიდან მოიხსნა? რამდენად იქნება გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა?

შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსი ირწმუნება, რომ ტექდათვალიერების შემოღება კორუფციის რისკებს არ შეიცავს.

„ტექდათვალიერება გაუქმდა მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო სატვირთო და ავტობუსის ტიპის ავტომობილების ტექდათვალიერება დღესაც სავალდებულოა. სატვირთოზე და ავტობუსებზე არ იყო კორუფცია? ამიტომ, არგუმენტი, თითქოს გაუქმდა იმიტომ რომ კორუფციის ბუდე იყო, სუსტია. მეორე, ჩვენს მომსახურების სააგენტოში ბევრი ისეთი მომსახურება იყრის თავს, რომელიც ადრე კორუფციის ბუდე იყო - მართვის მოწმობები, ავტოსატრანსპორტო სანომრე ნიშნები, მანქანის გაფორმების მთლიანი პროცედურა. დღეს ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და კორუფციაზე საუბარი საერთოდ გამორიცხულია. ამ შემთხვევეაშიც, ეს იქნება ერთ-ერთი სერვისის დამატება, რომლის მართვის პროცესში ჩვენი სააგენტო რაღაც დოზით ჩართული იქნება, რადგან ეს დაევალა არა მხოლოდ შსს-ს, არამედ ეკონომიკის სამინისტროსაც. ეს ერთობლივი პროექტია, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული და ჩვენ არსებულ თუ საერთაშორისო პრაქტიკას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პროცესი იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი,” - განაცხადა დანელიამ.

ავტომობილების კერძო იმპორტიორი ლევან ჩარკვიანი მომხრეა, ტექდათვალიერება სავალდებულო გახდეს მიუხედავად იმ რისკებისა, რაც ამან ავტომობილების იმპორტის ბიზნესში შეიძლება გამოიწვიოს.

„ტექდათვალიერება უნდა არსებობდეს ქვეყანაში. მანქანა, რომელსაც სამუხრუჭე სისტემა არ უვარგა არ უნდა დადიოდეს და სხვას პრობლემას არ უნდა უქმნიდეს. მნიშვნელოვანია თუ როგორ განახორციელებენ ამას ისე, რომ ტექდათვალიერება ხელმისაწვდომი იყოს საშუალო ფენისთვის. თუ გამონაბოლქვზე იქნება აქცენტი გაკეთებული ამ სტანდარტის დაკმაყოფილება არსებულ მანქანებს გაუჭირდებათ. თუნდაც 2003, 2004 წლის მანქანები ავიღოთ, რომლებსაც ჩვენთან ახალს ეძახიან - ისინიც ვერ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას. გერმანიაში მანქანას სტანდარტების მონაცემების დასუსტების შემდეგ ყიდიან, როდესაც უკვე აღარ აკმაყოფილებს სტანდარტს წვის სიტემა, კატალიზატორი. ჩვენ ვასუფთავებთ გერმანიის ავტოპარკს ასეთი მანქანებისგან,” - ამბობს ჩარკვიანი.

მისი თქმით, ტექდათვალიერება გარკვეულ პრობლემებს შექმნის ავტომობილების იმპორტიორებისათვის და ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანში 2014 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების შეყვანა იქნება აკრძალული.

”აზერბაიჯანში რეექსპორტის სახით მანქანების დაახლოებით 80% ჩვენგან შედის. აქედან გამომდინარე, ამ ბიზნესში დარჩება ის, ვინც შედარებით ძვირ მანქანებზე მუშაობს. ხოლო შედარებით იაფ მანქანებზე მომუშავეებისთვის ეს ბიზნესი აღარ იქნება მომგებიანი,” - მიიჩნევს ჩარკვიანი.

როგორც ოთარ დანელია ამბობს, მთავრობის მიზანია მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს თითოეული მოქალაქის ინტერესი და ამ კანონის ამოქმედება საზოგადოებას ნაკლებ ტვირთად დააწვეს.

„პირველ რიგში უსაფრთხოების მინიმალური ნორმები უნდა იყოს დაცული და შემდეგ დაემატება გარკვეული მოთხოვნები, რომ საბოლოოდ ჯამში, ევროსტანდარტების დონე მივიღოთ. პროცესი დაიწყება უმტკივნეულოდ და ყველას ექნება დრო თავისი ავტომობილი გამართოს,” - ამბობს შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსი.

მისი განცხადებით, ტექდათვალიერების დროს მნიშვნელობა არ ექნება ავტომობილის ასაკს. მთავარია, ის იყოს იმ ნორმების და სტანდარტების შესაბამისი, რომელიც მის საპასპორტო მონაცემებში ფიქსირდება. იგივე წესი გავრცელდება საბჭოთა წარმოების მანქანებზეც. თუ მანქანა რაღაცას ვერ აკმაყოფილებს მას მიეცემა შესაბამისი გონივრული ვადა ამის გამოსასწორებლად.

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს ისაა, რომ მეორადი ავტომობილების უმეტესობას კატალიზატორი არ გააჩნია. კატალიზტორი არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გამონაბოლქვის ფილტრაცია ხდება, რათა გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს.

როგორც ავტობაზრობა MYAUTO-ს მარკეტინგის მენეჯერი, აკაკი გრიგოლია ამბობს, ბაზარზე არსებული მეორადი ავტომობილების დაახლოებით 70%-ს კატალიზატორის ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს ან ეს ნაწილი მანქანიდან ამოღებულია.

„კატალიზატორის არარსებობა განპირობებული იყო იმით, რომ ქართველ მომხმარებელს ცრუ წარმოდგენა შეექმნა, თითქოს კატალიზატორი საჭირო არ არის. შესაბამისად, ისინი ყიდიდენ ამ ნაწილს და დამატებით შემოსავალს იღებდნენ. ავტომობილების უდიდესი ნაწილი დღეს კატალიზატორის გარეშე დადის საქართველოში. რაც ტექდათვალიერების შემოღების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მანქანიდან კატალიზატორს ფაქტიურად აღარავინ ხსნის, პირიქით, უკვე ყიდულობენ. დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში ჯდება კატალიზატორის დაყენება. ეს არ არის ასტრონომიული თანხა, რომელიც მოსახლეობას დიდ წნეხად დააწვება,“ - ამბობს აკაკი გრიგოლია.

საქართველოში ტექდათვალიერებას საერთაშორისო კომპანია “TUV Rheinland Group” განახორციელებს. აღნიშნულ საკითხზე კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში ამბობენ, მოლაპრაკებების დასრულებამდე დეტალებზე საუბარი ნაადრევია.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში მოქმედმა 19-მა საავტომობილო მომსახურების ცენტრმა გარკვეული გადაიარაღება და ინვესტირება თავის დროზე იმ იმედით დაიწყო, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან ერთად მათ მომხმარებლები გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტექდათვალიერების მომსახურებას, სავარაუდოდ, სხვა კომპანია - TUV Rheinland Group გაუწევს მომხმარებელს. კითხვაზე, ელით თუ არა ამ სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებს თამაშგარეთ დარჩენა, მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ იგეგმება მათთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილებისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენება.

რაც შეეხება მანქანის წლოვანებას და მათი ტექდათვალიერების პერიოდულობას, არსებული მონახაზით, 0-დან 3 წლამდე ასაკის მანქანებს ტექდათვალიერება არ დასჭირდებათ; 3-დან 7 წლამდე მანქანებს ტექდათვალიერების გავლა ორ წელიწადში ერთხელ მოუწევთ; ხოლო 7 წლიდან ზემოთ ასაკის მანქანებს - ყოველწლიურად.

შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება დღეს არსებულ გადასახადს, 48 ლარს არ გადააჭარბებს და შესაძლოა, უფრო ნაკლებიც ღირდეს.