“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 ქვემოიჯარე უახლოეს პერიოდში მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დღეს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რიმა ბერაძემ განაცხადა.
რიმა ბერაძემ სხდომაზე ინფორმაცია გააკეთა ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრების შედეგებზე.
მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა ჯგუფებთან სულ ექვსი შეხვედრა შედგა. ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თავად წარმოადგინეს სიები, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი დახმარება. რიმა ბერაძის განცხადებით, ასეთი არის 345 მოვაჭრე. საუბრისას ბერაძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პირებიდან 97 თბილისში რეგისტრირებული არ არის, თუმცა მერიისგან ერთჯერად დახმარებას ეს პირებიც მიიღებენ.
”ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის თანხას მიიღებს თითოეული დაზარალებული, ან როდის განხორციელდება ეს.
ბერაძის თქმით, დღეს ისინი შეხვდებიან დაზარალებულებს და მერიის წარმომადგენლებს და ამ სიებს გადასცემენ, რის შემდეგაც თბილისის მერია დაზარალებულებზე ერთჯერად დახმარებას გასცემს.
რიმა ბერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ”ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიდან 50 პირს გამგეობებიდან სოციალური დახმარების სახით 1000-დან 1500 ლარამდე თანხა უკვე აღებული აქვთ, თუმცა ეს მათ ხელს არ შეუშლით ერთჯერადი დახმარება თბილისის მერიიდანაც მიიღონ.
”საკითხი მოგვარებულია, გადაწყვეტილია და ხელისუფლებამ გამოიჩინა დიდი ნება დაზარალებულებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიოს”, - განაცხადა ბერაძემ.