ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში აცხადებენ.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების რაოდენობა სიების შესაბამისად, 345 ადამიანით განისაზღვრა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლების კეთილი ნებით მოხდა მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და არსებული სიიდან გამომდინარე, თითოეული დაზარალებული ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000-3000 ლარს მიიღებს.
,,მინდა გითხრათ, რომ ანალოგიურ შემთხვევებში მაქსიმუმი თანხა, რაც ოდესმე გაცემულა, არ აღემატებოდა 2 000 ლარს. რაც შეეხება ამ კონკრეულ შემთხვევას, ხელისუფლების კეთილი ნებით გამოიყო მილიონ ლარზე მეტი თანხა და არსებული სიიდან გამომდინარე, დაზარალებულებს ერთჯერადი დახმარების სახით 3 000 ლარი გადაეცემათ. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ეს თანხა გამოიყოფა თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან და, სავარაუდოდ, ორშაბთიდან დაიწყება თანხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.