ელისაშვილი სამთავრობო ქალაქზე - სად რომელი ქალაქი უნდა აშენდეს თბილისის საზღვრებში, ეს არის თბილისის მერისა და საკრებულოს გადასაწყვეტი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი თვის განმავლობაში მოცულობითი მშენებლობის პროექტების განხორციელებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. ამ მოთხოვნით ელისაშვილმა გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მიმართა.

ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, არის თუ არა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული სამთავრობო ქალაქის მშენებლობა თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან. ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ისმის მსგავსი იდეები მთავრობის სხდომიდან და პრემიერ-მინისტრისგან.

”იდეას ვერავის აუკრძალავ, მაგრამ თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი. ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი. ჰყავს საკრებულო და სად რომელი ქალაქი უნდა აშენდეს თბილისის საზღვრებში, თბილისის ტერიტორიაზე ეს არის სწორედ თბილისის მერისა და საკრებულოს გადასაწყვეტი. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მსგავსის თქმა და მთავრობის წევრების მიერ ამის განმეორება ძალიან გაუგებრად ჟღერდა პირადად ჩემთვის”, - განაცხადა სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის გენგეგმაზე მუშაობა, რომლისთვისაც 2 მილიონი ლარია გადახდილი, აპრილის ბოლოს დასრულდება. ელისაშვილის განცხადებით, იგი ადევნებს თვალყურს გენგეგმაზე მუშაობის პროცესს და არ სმენია, რომ თბილისის რომელიმე ადგილზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობა შეთანხმებულია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან.

”დაველოდოთ. ერთი თვე დარჩა ამ დოკუმენტის საკრებულოში შემოტანამდე. არ დავამტკიცოთ ის უზარმაზარი განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც აპრიორი პრობლემატურია, ინფრასტრუქტურულად დაამძიმებს ქალაქს. ამდენად, ჩემი ინიციატივაა, გენგეგმის დამტკიცებამდე ერთიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ დიდი მოცულობით სამშენებლო პროექტებზე და მოვისმინოთ დეტალური ინფორმაცია, შეთანხმებული იყო თუ არა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა გენგეგმის ჯგუფთან”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სხდომის შემდეგ ამ თემაზე ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ასევე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია რომ ღირსეული მერი იყოს, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ საკრებულოსთან ერთად მისი გადასაწყვეტია, სად აშენდეს მთავრობის ქალაქი.

”ეს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გასართობი კი არ არის. მათ თავის საქმეს უნდა მიხედონ. ნარმანია იჯდა, აკვარკვალებდა თვალებს. გუშინ მთავრობის სხდომაზე მანაც პირველად გაიგო, რომ მთავრობა ამას აპირებდა. მსგავსი ურბანული პროექტები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული გენგეგმის ჯგუფთან”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.