საქართველოდან თურქეთში ექსპორტის ნახევარი აზოტის სასუქებზე მოდის

თურქეთში ექსპორტის მოცულობა იანვარში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა და 23.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 100 ტონიდან 38 ათას ტონამდე გაიზარდა მეზობელ ქვეყანაში აზოტოვანი სასუქების რეალიზაცია და 11 მილიონი დოლარი შეადგინა (აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ თვეში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 2013 წლის მთლიანი მაჩვენებლის მესამედი შეადგინა).

რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატების ექსპორტი 3,6- ჯერ გაიზარდა, 8,1 მილიონ დოლარამდე, 3-ჯერ მოიმატა ტრიკოტაჟის მაისურების მოცულობამ, 2,3 მილიონ დოლარამდე.

24%-ით გაიზარდა თურქეთში გატანილი ფეროშენადნობების ექსპორტი და 1,2 მილიონ დოლარს მიაღწია. შარშანდელთან შედარებით, წელს იანვარში ახალი თევზის ექსპორტიც განხორციელდა, საერთო ღირებულებით - 1 მილიონი დოლარი.

თუმცა, ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორთან საქართველოს მაინც მკვეთრად გამოკვეთილი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს: იმპორტის მოცულობამ 91 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ანუ გასულ წელთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით მეზობელი ქვეყნიდან სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი შემოდის, რომლის მოცულობამ 24,4%-ით მოიმატა და 3,3 მილიონი დოლარი შეადგინა. 18%-ით - მერქან-ბურბუშელის ფილების იმპორტმა, 2,9 მილიონ დოლარამდე.

2,6-ჯერ მოიმატა თურქეთიდან შემოტანილი ტექსტილის ნაწარმის მოცულობამ და 2,7 მილიონი დოლარით განისაზღვრა. 13,6%-ით კი - მეტალოკონსტრუქციებმა შავი ლითონებისგან (2,4 მილიონი დოლარი).

ბოლო ადგილი ხუთეულში თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებს შორის კაბელებს უკავია, რომლის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 2,1 მილიონ დოლარს მიაღწია.