ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, რომელსაც Obamacare-ის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა უნდა ჩაენაცვლებინა, ბოლო წუთში გაუქმდა, - იუწყება BBC.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტი მას შემდეგ გაიწვია, რაც „რესპუბლიკელებისგან“ საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდება.
„შემიძლია გითხრათ თუ რა მოჰყვება ამას: გაცილებით უკეთესი კანონი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ კანონპროექტს მხარს არა მხოლოდ „რესპუბლიკელები“, არამედ „დემოკრატებიც“ დაუჭერენ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრის დაწყებამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ის და ტრამპი შეთანხმდნენ გაეუქმებინათ კენჭისყრა მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ კანონპროექტი ვერ მიიღებდა კონგრესმენების ხმების საჭირო მინიმუმს, 215 ხმას.
სხვადასხვა მონაცემებით, სულ მცირე 35 „რესპუბლიკელი“ მხარს არ უჭერდა ტრამპის მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტს.