გაიზრდება თუ არა კერძო დაზღვევის ფასი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის განხორციელების შემდეგ, საყოველთაო დაზღვევა "საყოველთაო" აღარ იქნება. ხელისუფლებამ მოსახლეობის კატეგორიებად დაყოფა და საყოველთაო დაზღვევის სრული პაკეტით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.

მოსახლეობის დიფერენცირება შემოსავლის მიხედვით მოხდა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ ერთმანეთისგან გამოარჩია ადამიანები, რომლებსაც ყოველთვიურად, 900 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ და წლიური შემოსავალი 40 ათასს ლარს აღემატება, მათგან, ვისაც 900 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, თუმცა წლიური ანაზღაურება 40 ათასს არ აჭარბებს.

სამინისტრომ კიდევ ერთ კატეგორიაში, დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანები გააერთიანა, მიზნობრივ ჯგუფში კი 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, პედაგოგები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები მოიაზრა.

ამ კატეგორიაში პედაგოგების, პენსიონრებისა და სტუდენტების ასე უპირობოდ შეყვანა ეკონომისტ ირაკლი ყიფიანს არასწორად მიაჩნია.

"მთავრობამ დაიწყო მიზნობრიობაზე საუბარი, ეს არის კარგი. მაგრამ მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, რადგან ვისაც ესენი მიზნობრივს ეძახიან, რეალურად ის ჯგუფი არ არის მიზნობრივი. მაგალითად, ამ ჯგუფში არის პენსიონერი, პედაგოგი და ეს პედაგოგი შეიძლება ყოფილიყო ღარიბი, საშუალო ფენის წარმომადგენელი, ან მდიდარი შესაბამისად, ხელისუფლება არასწორად ადგენს ამ მიზნობრივ ჯგუფს",- აღნიშნავს ირაკლი ყიფიანი.

ამ პროცესში მთავარი კითხვა ის არის, მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევის ფასი?

ეკონომისტის თქმით, იმ რეალობაში, როდესაც მოსახლეობას შეეძლო ჰქონოდა, როგორც კერძო, ისე საყოველთაო დაზღვევა, მთავარი დატვირთვა მაინც საყოველთაო დაზღვევაზე მოდიოდა.

"სახელმწიფომ უკვე მოახდინა იდენტიფიცირება იმისა, რომ კერძო პაკეტის მქონე პირებს აღარ მისცეს საყოველთაო დაზღვევა. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფასების ზრდა კერძო სადაზღვეო კომპანიებში გარდაუვალი იქნება, მაგრამ ეს გარდაუვალობა ბაზრის ქცევიდან არის სწორი ქმედება. 

ის, რომ ჩვენ გვინდა გვქონდეს მდგრადი კერძო სადაზღვეო სისტემა, ამ მომენტში ნეგატივი არ არის"- განმარტავს ირაკლი ყიფიანი.

ეკონოსმიტისგან განსხვავებით, ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მსგავსად ცალსახა პასუხი არ აქვთ კერძო სადაზღვეო კომპანიებში. იმედი L-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ამ საკითხზე საბოლოო პასუხი დადგენილების სრული შინაარსის მიღების შემდეგ ექნებათ, მანამდე კი მსგავსი პროგნოზების გაკეთება არ შეუძლიათ.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ კერძო სადაზღვეო სისტემაში ფასების ზრდის პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ მოსახლეობის 100% კერძო სადაზღვეო კომპანიებს უნდა გადასცეს.

"თუ სახელმწიფო ჯანდაცვის მართვის მექანიზმში შემოიყვანს კერძო სადაზღვეო კომპანიებს, გადასცემს მათ მოსახლეობის 100%-ს და დააფინანსებს პოლისებს მიზნობრივი ჯგუფებისთვის, ეს უკვე ნაკლებ შანსს გააჩენს იმისას, რომ პოლისები გაძვირდეს. გარდა ამისა, სახელმწიფომ სადაზღვეო კომპანიებს პოლისების შინაარსობრივი პაკეტიც უნდა გადასცეს. ეს რეალურად იქნება მდგრადი ჯანდაცვის სისტემის აწყობის მექანიზმი, სადაც ფასებიც დაბალანსდება და არსებული რისკებიც იქნება დაზღვეული.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ, კერძო სადაზღვეო კომპანიებისთვის სრული მოცვადობის გადაცემის შემთხვევაში, გადახარჯვის თავიდან აცილება მოხდება, რადგან კერძო სადაზღვეოებს გაცილებით მაღალი მონიტორინგის სერვისი ექნებათ, რაც უმართებულო პროცედურების ჩატარების პრევენციას შეუწყობს ხელს.

სალომე აბულაშვილი

წყარო allnews.ge