გერმანულმა ბანკმა პარტნიორებს შეცდომით მილიარდობით დოლარი გადაურიცხა

გერმანიის განვითარების ეროვნულმა ბანკმა KfW ოთხ ბანკში შეცდომით გადარიცხა რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საუბარია 5-6 მილიარდ აშშ დოლარზე. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.

ტექნიკური ხარვეზის გამო ზოგიერთი ერთჯერადი გადახდები განხორციელებული იყო რამდენჯერმე. როგორც თავად ბანკში განაცხადეს,  პროგრამის გაუმართობის აღმოჩენის შემდეგ ყველა გადახდა გააუქმეს და ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული ბანკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. 2008 წელს ბანკმა შეცდომით გადარიცხა 300 მილიონი აშშ დოლარი ამერიკულ ბანკში Lehman Brothers-ში.

KfW გერმანიაში უმსხვილესი სახელმწიფო ბანკია. აქტივების მოცულობით გერმანულ ბანკებს შორის ის მესამე ადგილზეა.