ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კივის კომპანია „ნერგეტადან“ აცნობეს.
მათი ცნობით, 2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონური სუპერმარკეტების ქსელში ნერგეტას ქართული კივის საცდელი პარტია წარმატებით გაიყიდა. ქართული კივი იყიდებოდა: ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოში, ჰიროშიმაში, ნაგასაკასა და ფუკუოკაში. ნერგეტას პარტნიორი იაპონური ხილის სადისტრიბუციო კომპანია მომხმარებელთა და ქსელების შეფასებით კმაყოფილია.
„ჩვენ ვახდენდით ქართული კივის ექსპორტს ევროკავშირში. რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ბაზრად რჩება, ვაფასებთ იმ ურთიერთობებს, რაც ევროპულ საცალო ქსელთან გვაქვს, რადგან ამ ბაზარზე მომავალში კივის გარდა, სხვა ქართული პროდუქციის რეალიზებაც შეგვიძლია. ამავე დროს დაინტერესებული ვართ ისეთი ბაზრებისა და პარტნიორების პოვნით, რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის პროდუქტის გემო და ხარისხი და მხარს უჭერენ მწარმოებლის სახელისა და მისი წარმოშობის ადგილის მარკეტინგს. ბედნიერები ვართ, რომ იაპონაში შევიძინეთ ასეთი სტრატეგიული დისტრიბუტორი. მათ საკუთარ მიზნად ქართული კივის ისეთივე პოპულარიზება დაისახეს, როგორი პოპულარულიც ახალი ზელანდიური კივია,“- აღნიშნავს შპს „ნერგეტას“ თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი კონსტანტინე ვეკუა.
კომპანიის საოპერაციო დირექტორის გიგა ჯაპავას თქმით, კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, იაპონია ალბათ კიდევ უფრო მკაცრია ვიდრე ევროკავშირი.
„ამიტომ ვაგრძელებთ პლანტაციის მართვის სტანდარტის გლობალგაპის დაცვას და დახვეწას. გლობალგაპის სტანდარტს იაპონიაც აღიარებს“, - აღნიშნა „ნერგეტას“ თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა გიგა ჯაპავამ.
Georgian kiwi enters Japanese market
კომპანია ნერგეტა 2009 წელს დაარსდა. საწარმოს ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში აქვს სასოფლო სამეურნეო მიწები და ხილის სორტირებისა და შენახვის სამაცივრე მეურნეობა. კომპანიის მიზანი არის გემრიელი და ხარისხიანი კივით მომხმარებელთა დიეტის გამრავალფეროვნება, საქართველოს როგორც ჯანსაღი საკვების მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარება ევროპაში და ქართული ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაცია.