ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროპორტში სამზადისი უკვე დაიწყო.
28 მარტს საქართველოს პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან, წარმატებულ სტუდენტებთან, დევნილ ბავშვებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ევროპის მიმართულებით სწორედ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან გაემგზავრება.
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის თქმით, ეწყობა სპეციალური დეკორაციები და მგზავრებს ელოდებათ სიურპრიზები. ,,ჩვენ მნიშვნელოვანი კარი გვეხსნება ევროპაში. ეს არ არის მარტო მოგზაურობა, ეს არის რეგიონი, საიდანაც შეგვიძლია ძალიან კარგი პრინციპები შემოვიტანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებას. ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული ინფრასტრუქტურული რეკონსტრუქციები, რათა მგზავრთა გაზრდილ ნაკადს შევხვედროდით მომზადებული. დავამატეთ სარეგისტრაციო დახლები, ასევე, ერთი გასასვლელი. დავნერგეთ აგრეთვე გარკვეული პროცედურები იმისთვის, რომ რეგისტრაცია უფრო გამარტივებულიყო. ვცდილობთ გავახალისოთ აეროპორტი გარკვეული დეკორაციებით. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს სურპრიზებიც ელოდებათ“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 28 მარტს ფრენები ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკას და ვარშავის მიმართულებით განხორციელდება.