"ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ"
22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი BMW შეეჯახა ამავე მარკის მანქანას, რომელიც მოსრიალდა და გაჩერებაზე, სავალი ნაწილის პირას ბანერის ბოძს და შემდეგ დედა-შვილს შეეჯახა. დაიღუპა 11 წლის მარიამ ჯიქურაძე, 56 წლის ნანა ჯიქურაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. იმავე ღამით თბილისში კიდევ სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.
უბედურ შემთხვევებს, რომლის მიზეზიც ხშირად ნასვამი ან დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლებია, ბოლო არ უჩანს. ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის შსს-მ პარლამენტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვასაც პარლამენტი არ ჩქარობს.
მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: - როგორ მარტივადაც მართვის მოწმობები გაიცემოდა, მძღოლებიც შესაბამისი გვყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აღსრულება. შეიძლება არ იყოს მიღებული ისეთი უხეში ფორმა, რომ ყველა დააჯარიმო (როგორც ეს ბათუმში მოხდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა), მაგრამ აღსრულება აუცილებელია და ეს ელემენტარულიდან უნდა დავიწყოთ - ზოლიდან ზოლში გადაკვეთის, წითელ შუქნიშანზე გავლისა და სხვა დარღვევების შემთხვევაში. დამრღვევი მძღოლები თუ არ დაჯარიმდნენ, უარესად დაარღვევენ წესებს. შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს მძღოლმა, რომელიც ნელა მიდის, მაგრამ გზა ისეთ ადგილას გადაჭრას, სადაც არ შეიძლება და სწრაფად მოძრავ ავტომანქანას შეეჯახოს. ასე რომ, ყველა შემთხვევაში გვჭირდება მკაცრი, ოღონდ ობიექტური პატრული. პოლიციელებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები. პირველ რიგში, პატრული უნდა გამოფხიზლდეს. მიდგომა - "მოსახლეობა არ გავაღიზიანოთ", ჩვენს მოქალაქეებს უწევს დათვურ სამსახურს.
სკოლებში უნდა შემოვიღოთ ავტომანქანის მართვის სწავლება, ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ. სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოYთ ნასვამ და სწრაფად მავალ მძღოლებთან. დასაცავია პარკინგის წესებიც...
ვასილ ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორი: - ყველაფერში ხელისუფლების დადანაშაულება, შეცდომაა. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოდ მიმოსვლის შესაძლებლობა.
ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 2008 წელს იყო, დაღუპულთა რაოდენობა 2012 წლამდე მცირდებოდა, მას მერე ისევ შეუქცევადად მზარდია. საკანონმდებლო ინიციატივით, საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმები განახევრდა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის, არასწორი მანევრირებისთვის ჯარიმა 100 ლარი იყო და განახევრდა. სწორედ ამ პოლიტიკამ განაპირობა, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების ტენდენციამ შეუქცევადი სახე მიიღო...
ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო უწყება, რგოლი, რომელიც საგზაო პრობლემებს კომპლექსურად შეისწავლის და პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს. შს სამინისტრო თითოეულ ავტოსაგზაო შემთხვევას აღიქვამს როგორც უბედურ შემთხვევას და არ ხდება მისი გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი შესწავლა - რა იყო მაპროვოცირებელი მიზეზი, იყო თუ არა ავტომანქანა ტექნიკურად გაუმართავი და ა.შ.
იმ სტატისტიკაში, რომელსაც შს სამინისტრო აქვეყნებს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი 4 მიზეზია: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ნასვამი მძღოლი და 20% დაუდგენელი მიზეზია. რეალურად, ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და, შესაბამისად, ვერც ერთი უწყება ვერ ატარებს პრევენციულ ღონისძიებას.
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 მარტის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად