მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკაა

მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი უკვე 11%-ით დაეცა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ბირჟის კი - 9,5%-ით. როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ინდექსების დაცემის გამო ადგილობრივმა კომპანიებმა, საერთო ჯამში, 2 ტრილიონი რუბლი დაკარგეს.

პანიკა კი რუსეთისთვის აშშ-სა და ევროპის მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია.

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დილიდან აქციების გაუფასურებით დაიწყო. უკრაინასთან პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, რომელიც საომარ ვითარებაში შეიძლება გადაიზარდოს, მოსკოვის საფონდო ბირჟისა და საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსები ვაჭრობის დაწყებიდან პირველივე წუთებში 4,8%-5%-ით შემცირდა.

რუბლის კურსი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, ისედაც დევალვაციის რეჟიმში იმყოფებოდა, დოლართან მიმართებაში 1,4%-ით დაეცა, კომპანიათა აქციების უდიდესი ნაწილი 10%-ით გაუფასურდა.

მათ შორის, გაიაფდა ისეთი გიგანტი კომპანიების ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა ”ვითიბიბანკი” (9,5%-ით), ”გაზპრომი” (13%-ით), ”გაზპრომ ნეფტი” (5,3%-ით), ”ლუკოილი” (7,6%-ით), ”ნოვატეკი” (2,7%-ით), ”ნორნიკელი” (3,5% -ით), ”პოლუს ზოლოტო” (3,5%-ით), როსნეფტი” (4,1%-ით), ”როსტელეკომი” (9%-ით), ”სბერბანკი” (15%-ით), ”სურგუტნეფტეგაზი” (3,8%-ით), ”ტატნეფტი” (2,7%-ით).

ინვესტორები ნდობას მხოლოდ ოქროს უცხადებენ, როგორც ნაკლებად რისკიან აქტივს. შესაბამისად, ძვირფასი ლითონის ფასი დღეს 1,7%-ით გაიზარდა და უნციაზე $1343,63 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ნეგატიური სიახლის ფონზე მსოფლიოში 1,5%-ით გაძვირდა Brent-ის ტიპის ნავთობის აპრილის კონტრაქტები და 110 დოლარს გადააჭარბა, WTI-იზე კი - 1,2%-ით მოიმატა, 103 დოლარამდე.

”შავი ოქროს” გაძვირების მიუხედავად, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ძირითადი ”ლოკომოტივია”, თავად რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინასთან კონფლიქტი უარყოფით გავლენას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მაინც იქონიებს.

აშშ-ისა და და ევროპის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გათვალისწინებით, ექსპერტები რუსეთიდან საინვესტიციო კაპიტალის გადინებას ვარაუდობენ.