ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუნშტაინ-საქართველო“ მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება

ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუნშტაინ-საქართველო“ მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება, - ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუნშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს.

„მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში ,,ბლაუნშტაინ-საქართველოს“ მეძროხეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება. მოხდა შეთანხმება მინი სასაკლაოზე სხვადასხვა გენერაციის მოზვრების საკონტროლო დაკვლების ერთობლივად ჩატარებაზეც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.