”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ პარტიის წევრმა მარიამ გერსამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გერსამიას განცხადებით, ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო კიდევ უფრო იზრდება ხალხის მძიმე სოციალური მდგომარეობა.
”ამ ფონზე, მთავრობამ უკვე უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით განხორცილებაზე და იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს, ან არასწორი პოლიტიკის შედეგად, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ, იმ ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, დაასუსტა გამომცემლობები (სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული), დააზარალა კონკურენტული გარემო. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა, სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და აღარ იქმნება ახალი სახელმძღვანელოები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით 500 ათასამდე მოსწავლეა. ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები”, - განაცხადა გერსამიამ.
პარტიის წევრი ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. კერძოდ, მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ახალი სახელმძღვანელოების შეძენაზე, მათ უსასყიდლოდ გადაცემაზე, და რაც მთავარია - მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე.
”ავტორთა შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში დროულად გამოიყოს შესაბამისი თანხა. საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. მოვუწოდებთ სამინისტროს, სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ I-VI კლასებში წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეს აღარ მოუხდება ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელო მას ექნება სახლშიც და სკოლაშიც. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა, შეძლონ დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში, თავად შეიძინონ სახელმძღვანელოები”, - აღნიშნა გერსამიამ.