რატომ ვერ იღებს ფერმერთა ნაწილი შეღავათიან აგროკრედიტს

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ, პროექტში ჩართული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტი გამოიტანონ და საკუთარი მეურნეობა განავითარონ. თუმცა, მცირე მეწარმეების თქმით, მათთვის შეღავათიანი აგროკრედიტის აღება არც ისე ადვილია.

ერთ-ერთი მეწარმე, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან კვლავაც ცდილობს სესხის მიღებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ, bpn-თან საუბარში ამბობს, რომ აგროსესხის აღება ძალიან ბევრ მცირე მეწარმეს უჭირს.

”ჯერ კიდევ ვცდილობ სესხი გამოვიტანო, თუმცა ამის ნაკლები იმედი მაქვს. მარტო მე კი არა, წვრილ მეწარმეებს ყველას უარს გვეუბნებიან. ჯერ განაცხადს დაგაწერინებენ და პასუხის მოლოდინში შეიძლება ორი თვეც გავიდეს. ბოლოს, ან მოგცემენ სესხს, ან - არა. მე, პირადად, აგროსესხის აღება მინდოდა და რამდენიმე ბანკს მივმართე: ”ლიბერთი ბანკს”, ”პროკრედიტ ბანკს”, ”კონსტანტას”, მაგრამ სულ ტყუილად: ჯერ თვენახევარი მალოდინეს და მერე მიპასუხეს - თქვენი ვენახი მაღალი რისკის შემცველიაო. ექვს ჰექტარ მიწას ვდებდი საგარანტიოდ და რას ჰქვია მაღალი რისკის შემცველი? მე მგონი, არანაირი სურვილი არა აქვთ, რომ მცირე ბიზნესზე გასცენ თანხა. სესხს აძლევენ მსხვილ ფერმერებსა და კომპანიებს და ამით შემოიფარგლებიან,” - ამბობს მცირე მეწარმე.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, ხოლო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, 2013 წლის 27 მარტს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც 100 000 ლარამდე ოდენობის სესხის გაცემას გულისხმობს, 2439-მა ბენეფიციარმა 48 433 133 ლარის კრედიტი მიიღო. მესამე კომპონენტის ფარგლებში კი, რომელიც 1 მილიონ აშშ დოლარამდე სესხის გაცემას გულისხმობს, 200 ბენეფიციარზე 25 591 932 აშშ დოლარის ოდენობის სესხი გაიცა.

თუმცა, სტატისტიკური მონაცემების პარალელურად, ფაქტია, რომ სესხის აღებისას პრობლემებსა და დაბრკოლებებზე არაერთი მცირე მეწარმე საუბრობს.

ლისის ტბის სასათბურე მეურნეობის მფლობელი კომპანიის შპს ”გურიას” გენერალური დირექტორი, ნინა პეტროვა-ძნელაძე ამბობს, რომ მან იაფი აგროკრედიტის აღება არაერთხელ სცადა. მიუხედავად საკმაოდ განვითარებული მეურნეობისა, იმის გამო, რომ ბანკი, რომელიც ნინა პეტროვას კომპანიას ემსახურება, არ მონაწილეობს იაფი აგროკრედიტის პროგრამაში, სესხს არც სხვა, პროგრამაში მონაწილე ბანკები უმტკიცებენ.

”რამდენი განცხადებაც არ უნდა შევიტანო სხვა ბანკებში აგროკრედიტის, რეფინანსირების, ინვესტიციის მოსაზიდვის მიზნით თუ ბიზნესის განსავითარებლად სესხის ასაღებად, ყველგან უარი მელის. ამიტომ, ვაგრძელებთ საქმიანობას მხოლოდ ჩვენი რესურსით,” - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ჩართულ ”ბანკ რესპუბლიკაში” განმარტავენ, რომ სესხს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გასცემენ, თუ მსესხებელს შესაბამისი უზრუნველყოფა არ აქვს, ან შავ სიაშია შეყვანილი.

”იაფ აგროსესხებს მხოლოდ მაშინ გავცემთ, როცა გლეხს სესხის უზრინველყოფა შეუძლია: მას უნდა ჰქონდეს ფერმერული მეურნეობა და ამ მეურნეობის გაძღოლის სულ მცირე, ორი წლის გამოცდილება მაინც. უზრუნველყოფად ვიღებთ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ნებისმიერ უძრავ ქონებას - იქნება ეს სახლ-კარი, საწყობები, ფერმები და ა.შ... გააჩნია, რა თანხას ითხოვს გლეხი. ყველაზე დაბალი სესხი 5 ათასი ლარის ღირებულებისაა. თანხის მიხედვით ვითხოვთ გირაოში ქონების ჩადებას, სახელმწიფო კი თანადაფინანსებას უკეთებს გლეხს. მაგალითად, ფერმერს თუ ვუმტკიცებთ 15-პროცენტიან სესხს, სახელმწიფო სუბსიდირებას უკეთებს 12 პროცენტს. თვითონ ფერმერს კი 3 პროცენტის გადახდა უწევს,” - ამბობს ბანკის აგრობიზნეს სესხების კოორდინატორი, გიორგი ხატიაშვილი.

სესხის აღებისას პრობლემების არარსებობაზე საუბრობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ თეთვაძეც. მისი თქმით, მან უპრობლემოდ შეძლო შეღავათიანი აგროკრედიტის მიღება ბანკში.

”მე, პირადად, ისე დამიმტკიცეს აგროსესხი 100 ათასი ლარის ოდენობით, რომ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მივედი, განაცხადი შევიტანე და ხუთ დღეში დამიმტკიცეს. რასაკვირველია, საგარანტიო ქონებაც ჩავდე, რადგან ცარიელ-ტარიელ ადამიანს ბანკი სესხს ვერ დაუმტკიცებს. არა მგონია აგროსესხის გაცემა ასე ძნელი იყოს,” - ამბობს თეთვაძე.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია ფიქრობს, რომ თუკი ბანკი უარს ამბობს იაფი აგროსესხის გაცემაზე, ეს მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის შეუსაბამობით შეიძლება იყოს გამოწვეული.

”თვითონ აგროსესხი ყოველთვის პრობლემური და მაღალრისკიანია, რადგან დამწყებ ფერმერებს არა აქვთ არც ბიზნესგეგმა, არც შესაბამისი გამოცდილება. თანაც, ამ სფეროში არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა. ამის გამო, მცირე ფერმერებთან მუშაობა ბანკებისთვის ძალიან რთულია. ეს ეხება არა მარტო ბანკებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. დავუშვათ, ფერმერმა ჩადო საგარანტიოდ ექვსი, ან თუნდაც ათი ჰექტარი, არ მოუვიდა კარგი მოსავალი და თანხა ვერ დააბრუნა, სად უნდა წაიღოს მერე ბანკმა ეს მიწა?” - აღნიშნავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი და დასძენს, რომ სწორედ დაზღვევის გზით უნდა მოხერხდეს იმ რისკების მინიმიზაცია, რომელიც აგროსესხის აღებას ახლავს თან. მისი თქმით, აგროდაზღვევის არარსებობის გამო, წინა წლებში ბანკებს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ფერმერებთან ურთიერთობისას შეექმნათ.

”ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან კოოპერირებაა, მაგრამ ჩვენი გლეხები ამისგან რატომღაც თავს იკავებენ. 2013 წელს ბანკების მიერ საკმაო რაოდენობის იაფი აგროსესხია გაცემული. უბრალოდ, კომერციული ბანკი ყოველთვის კარგ მსესხებელს ეძებს. აგროსექტორში კი რისკები საკმაოდ მაღალია,” - განმარტავს ზურაბ გვასალია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი მიშელაძე ამბობს, რომ დაინტერესება მცირე მეწარმეების მხრიდან კოოპერატივებში გაწევრიანებისა საკმაოდ დიდია, თუმცა საწყის ეტაპზე, კოოპერატივის სტატუსის მისაღებად დარეგისტრირებისას დაშვებული შეცდომების გამო, პროცესი უმნიშვნელოდ შეფერხდა.

”ბევრი მეწარმე დარეგისტრირდა მეწარმეთა კანონის შესაბამისად, მარტივი წესით, მაშინ როცა კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად დარეგისტრირების წესი განსხვავებულია. უკვე შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც ფერმერებს ამ პროცესს გაუმარტივებს,” - ამბობს გიორგი მიშელაძე.

მისი თქმით, გასულ კვირას უკვე მიენიჭა კოოპერატივის სტატუსი ერთ კოოპერატივს კახეთის რეგიონში, რომელშიც 28 მეწარმეა გაერთიანებული.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო გასული წლის ნოემბერში შექიმნა და დეკემბრიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სტატუსების მინიჭების პროცესი დაიწყო. სააგენტო სასოფლო მეურნეობების გამსხვილების წასახალისებლად შეიქმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფერმერებისთვის იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამასთან, კოოპერატივებმა მნიშნველოვანი საგადასახადო შეღავათები მიიღეს: კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ქონების გადასახადით არ იბეგრება; მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი; ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-ის შემთხვევაში 200 000 ლარს შეადგენს.

ხათუნა ჩიგოგიძე