ჯაბა სამუშია - “თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან“ მილიონ 50 ათას ლარი დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად იქნება მიმართული

“თბილისის მერის სარეზერვო ფონდი“ ამ ეტაპზე მილიონ 50 ათას ლარს შეადგენს და მთლიანად ეს თანხა მიმართული იქნება „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების 3 ათას ლარიანი კომპენსაციის გასაცემად , - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განუცხადა.

მისი თქმით, თუ კომპენსაციის მიღებაზე დაზარალებულები თანახმა იქნებიან, თანხის გამოყოფა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სამუშიას განცხადებით, დაზარალებულთათვის თანხის გაცემის შემდეგ “თბილისის მერის სარეზერვო ფონდში“ თანხები ამოიწურება და მათ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილების შეტანა მოუწევთ, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციის დროს აღნიშნულ ფონდში თანხა იყოს. შესაბამისად, საკრებულოს უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ კომპენსაციის მოცულობის გაზრდა შეუძლებელია.

„ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული ცვლილების შეტანა ბიუჯეტში, რომ მომავალში ფორსმაჟორული სიტუაცია რომ არ შეიქმნას, “თბილისის მერის სარეზერვო ფონდს“ გარკვეული თანხა დაემატოს. მერმა თავისი სარეზერვო ფონდიდან თანხა აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად გამოყო“, - აღნიშნა სამუშიამ.

მისივე თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე რამდენიმე დაზარალებულმა მოვაჭრემ გამგეობებიდან 500-დან 1500 ლარამდე მოცულობის დახმარება მიიღო.